შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. ექსპერტთა შეფასებით, აღნიშნული ნივთიერებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ინსინერატორში, განადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „კეტამინი“, „ამფეტამინი“, „კანაფი“, „ტჰკ“, „კლეფედრონი“ „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „კოდეინი“ და „მარიხუანა“. განადგურდა ასევე ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკების განადგურების პროცესი ჩატარდა გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ხოლო პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.