ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფერმერები კვლავ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ: ახალი სასოფლო-სამეურნეო სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა კარტოფილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სარეალიზაციოა. ფასების კლება და მყიდველების არარსებობა სოფლის მოსახლეობაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.

მარტში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა კვლავ გამწვავდა. ფერმერები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: მყიდველი შემცირდა, პროდუქციაზე ფასმა კი დაიწია.

ეს სიტუაცია ყოველწლიურად მეორდება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახელმწიფოებრივი მიდგომის გარეშე პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.

ბევრმა ფერმერმა კარტოფილის გაყიდვა მაშინ შეწყვიტა, როდესაც კილოგრამის ფასმა 1 ლარს მიაღწია, რადგან შემდგომი გაძვირების იმედი ჰქონდათ. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა – ფასი შემცირდა, მოთხოვნამ კი იკლო.

სოფელ კოკიოს მაცხოვრებელიი, საქო გალსტიანიც ფასის მომატებას ელოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა:

„გაყიდვების მხრივ საქმე ძალიან ცუდად არის. მყიდველი არ ჩანს, ფასმა 65–70 თეთრამდე დაიწია. ხალხი უკმაყოფილოა. იანვარში 1 ლარად ყიდულობდნენ, მაგრამ არ გავყიდე, მომატების იმედი მქონდა. ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ყოველ წელს რეალიზაციის სირთულეებს ვაწყდებით. მაგრამ რა ქნას სოფლის მცხოვრებმა — მიწას ხომ არ დატოვებს დაუმუშავებელს? სუნელის დათესვაც ვცადეთ, მაგრამ მასზეც ფასმა 3 ლარით დაიკლო და ისიც ცუდად იყიდება“, — ამბობს საქო გალსტიანი.

სოფელ კარწახის მაცხოვრებელი- სამველ მანუკიანი აღნიშნავს, რომ მათ სოფელშიც კარტოფილის გაყიდვა შენელდა:

„კარტოფილი გაიაფდა, 60–70 თეთრი ღირს. მყიდველები მოდიან, მაგრამ ხალხი ჯერ არ ყიდის — ფასის მომატებას ელოდებიან. სოფელში გასაყიდი კარტოფილი საკმარისად არის. ჩემს მოსავალს ვახარისხებ და ნელ-ნელა ვყიდი“.

სოფელ იხტილაში მცხოვრებმა არტავაზდმა აღნიშნა, რომ მათ სოფელში მყიდველები მაინც ჩადიან, თუმცა ფასი ფერმერებს არ აკმაყოფილებთ:

„ჩვენთან მყიდველები მოდიან, მაგრამ ფასი არ მოგვწონს. შერჩეული კარტოფილი დაახლოებით 80 თეთრი ღირს. დღეში სოფელში 10-ტონიანი 2–3 მანქანა შემოდის, ყიდულობენ, მაგრამ იაფად“, — აღნიშნა მან.

სოფელ ოკამიდან უშანგი ოქროაძეც უკმაყოფილოა ფასით:

„ჩვენს მოსავალს აჭარლები ყიდულობენ, მაგრამ ძალიან იაფად. ფასი ცოტათი რომ აიწევდეს, უკეთესი იქნებოდა“.

ზოგიერთი ფერმერი პროდუქციის დამოუკიდებლად რეალიზებას ცდილობს და კარტოფილი დიდ ქალაქებში გააქვს, თუმცა გასაღების პრობლემა იქაც იჩენს თავს.

სოფელ აბულიდან ჟოჟიკ ოგანესიანმა წელს კარტოფილი 15 ჰექტარზე დათესა, მაგრამ რეალიზაციის პრობლემას წააწყდა. მან კარტოფილი თბილისში, ნავთლუღის ბაზარში წაიღო, თუმცა ვაჭრობა იქაც სუსტად მიდის:

„უკვე ორი დღეა თბილისში ვარ, მაგრამ სულ რაღაც 10 ტომარა გავყიდე 70 თეთრად. სოფელში კიდევ ბევრი კარტოფილი რჩება. მომავალ წელს ამდენს აღარ დავთესავ — სარგებელი არ არის. მთელი ზამთარი ვინახავთ, მერე კი ან გადავყრით, ან ძალიან იაფად ვყიდით. შენახვასაც ხომ ხარჯები სჭირდება. კარტოფილის მოყვანა არამომგებიანი საქმიანობა გახდა“, — ამბობს ის.

ფერმერების თქმით, თუ ვითარება არ შეიცვლება და გასაღების ეფექტური მექანიზმი არ შემუშავდება, რეგიონში მეკარტოფილეობამ შესაძლოა თანდათან რენტაბელურობა დაკარგოს, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მრავალი სოფლის ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს.