ბოსტნეულის იმპორტი საქართველოში ზრდას განაგრძობს და 2026 წლის დასაწყისში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმპორტმა 15 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13,9 მლნ დოლარს, ხოლო 2024 წელს 10,1 მლნ დოლარს შეადგენდა.

ზრდის ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია ნარჩუნდება. კერძოდ, 2025 წელს ბოსტნეულის იმპორტმა 87 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს -70,7 მლნ დოლარი, 2023 წელს – 60,6 მლნ დოლარი, ხოლო 2022 წელს – 47,5 მლნ დოლარი.

რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ უმსხვილესი მომწოდებელი ქვეყნების ათეულში შედიან:

თურქეთი -6,7 მლნ დოლარი

ირანი -1,8 მლნ აშშ დოლარი

უზბეკეთი – 1,6 მლნ აშშ დოლარი

აზერბაიჯანი – 1,5 მლნ აშშ დოლარი

ჩინეთი – 918 500 აშშ დოლარი

თურქმენეთი -674 300 აშშ დოლარი

რუსეთი – 396 200 აშშ დოლარი

ყირგიზეთი – 297 300 აშშ დოლარი

კანადა -223 700 აშშ დოლარი

ყაზახეთი – 162 800 აშშ დოლარი

რაც შეეხება ბოსტნეულის იმ სახეობებს, რომლებზეც იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის, ამ წლის პირველი ორი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ეს არის პომიდორი და გამხმარი პარკოსნები. ამასთან, პომიდვრის საშუალო ფასი 3%-ით გაიზარდა, ხოლო პარკოსნებზე დაახლოებით 14%-ით შემცირდა. ლიდერ ხუთეულში ასევე შედის ხახვი, ნიორი და კიტრი, რაც გასული წლის მაჩვენებლების იდენტურია. მთლიანობაში, იმპორტის ზრდა თითქმის ყველა სახეობის ბოსტნეულზე შეინიშნება.

მოცულობის მიხედვით, ბოსტნეულის პირველ ათეულში შემდეგი პროდუქტები შევიდა (2026 წლის იანვარ-თებერვალი):

ნედლი ან გაყინული პომიდორი – 3,1 მლნ დოლარი – 4 295 ტონა

გამხმარი პარკოსნები – 2,7 მლნ დოლარი -3 511 ტონა

სხვა ნედლი ან გაყინული ბოსტნეული – 2,7 მლნ დოლარი – 3 667 ტონა

ხახვი, პრასი, ნიორი -2,2 მლნ აშშ დოლარი – 6 621 ტონა

ნედლი ან გაყინული კიტრი – 2 მლნ აშშ დოლარი – 3 339 ტონა

კომბოსტო, ბროკოლი, კოლრაბი – 545 800 დოლარი – 1 044 ტონა

სტაფილო, თალგამი, ჭარხალი – 477 800 დოლარი – 1 973 ტონა

ნედლი ან გაყინული კარტოფილი – 447 800 აშშ დოლარი – 1 350 ტონა

სალათის ფოთოლი და რადიკიო – 300 100 აშშ დოლარი – 475 ტონა

გაყინული ბოსტნეული -163 100 დოლარი – 105 ტონა

იმპორტის ზრდის ფონზე, საქართველოდან ბოსტნეულის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში მან 4,9 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 3,5 მლნ დოლარი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოდიოდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 11,5 მლნ დოლარს მიაღწია, მათ შორის 10,2 მლნ დოლარი ადგილობრივი პროდუქცია იყო.

ექსპორტის კლება, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება კარტოფილის მიწოდების მკვეთრ ვარდნას: თუ 2025 წლის იანვარ-თებერვალში მისი ექსპორტი 7,8 მლნ დოლარს შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 722,7 ათასი დოლარია.

ძირითად საექსპორტო ბაზრებად კვლავ რჩება უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი.