შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე — 1993 წელს დაბადებული ბ.ტ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს, — ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ტ.-მ სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომობილში მალულად გადაკვეთა, ხოლო ბრალდებულმა გ.ი.-მ — სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. ისინი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდნენ. ასევე დადგინდა, რომ ბ.ტ. და გ.ი. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ „წითელი ცირკულარით“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ.
„გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ხოლო დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის პროცედურები ტარდება“, — ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.