გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის ჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციების ოდენობა გაიზარდა და 500-დან 2000 ლარამდე მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სატყეო სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ბზის დამზადება დასაშვებია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი წარმოშობის მოწმობის საფუძველზე. კოლხური ბზა წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობაა და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე მისი მოპოვება აკრძალულია.
ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ დაარღვიონ კანონი, რადგან, ისევე როგორც წინა წლებში, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები გატარდება“, — აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პათოგენური სოკოს გარდა, კოლხური ბზის ბუნებრივ ნარგავებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი — ბზის ალურა.
ეროვნული სატყეო სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიებზე, კოლხური ბზის დაზიანებულ კორომებში, რაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის შენარჩუნების ღონისძიებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.