ციფრული სერვისების ზრდის ფონზე, საქართველოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ნაწილი მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას აფიქსირებს. სავალუტო ოპერაციების ბაზარი ონლაინ სივრცეში ინაცვლებს, მაშინ როცა ნაღდი ფულის სეგმენტი წილს კარგავს.

ქსელ „SM Service“-ის მფლობელმა, სოსო მარტიაშვილმა BMG-ისთან საუბარში განაცხადა, რომ ონლაინ კონვერტაციების გამო კლიენტების რიცხვი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ეს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იგრძნობა, ზაფხულობით კი ტურისტების ნაკადი ამ დანაკლისს ნაწილობრივ აკომპენსირებს.

მისი თქმით, ციფრულ მომსახურებაზე გადასვლა დამატებით ხარჯებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვას მოითხოვს, რაც გადამცვლელი პუნქტებისთვის დამატებითი ტვირთია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული წესები, რომლებიც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს უნაღდო ოპერაციების განხორციელების უფლებას აძლევს. თუმცა, ამისთვის საჭიროა რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ერთ-ერთი მთავარი პირობა საკმარისი ლიკვიდობა და საწესდებო კაპიტალია: ციფრული სავალუტო ოპერაციების დასაწყებად გადამცვლელ პუნქტს არანაკლებ 500 ათასი ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალი მოეთხოვება. ცხადია, რომ ბაზარზე რეგისტრირებულ 700-ზე მეტ სუბიექტს შორის ასეთი რესურსი ყველას არ გააჩნია.