2026 წლის 1-ელი აპრილიდან რუსეთი ბენზინის ექსპორტს აკრძალავს – ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, მოამზადოს შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც ბენზინის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

მთავრობის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაცია და საწვავის პრიორიტეტული მიწოდების უზრუნველყოფა.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობა გასული წლის დონეზე ნარჩუნდება, რაც ნავთობპროდუქტების სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის რამდენიმე რეგიონსა და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე ბენზინის დეფიციტი დაფიქსირდა, რაც უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გახშირებულ თავდასხმებს უკავშირდებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი უკვე არაერთხელ მიმართავდა ბენზინისა და დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას, რათა შეეკავებინა ფასების ზრდა და შეემცირებინა დეფიციტი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანამ გასულ წელს თითქმის 5 მილიონი მეტრიკული ტონა ბენზინი, ანუ დღეში დაახლოებით 117 000 ბარელი, გაიტანა ექსპორტზე.

მასალა bpn.ge-დან