დღეს, 28 მარტს, ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში კიკბოქსინგის საერთაშორისო ჩემპიონატი დაიწყო. პირველობაში მონაწილეობას იღებს 220 სპორტსმენი (9-დან 16 წლამდე ასაკის) საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონებიდან. შეჯიბრება 10 წონით კატეგორიაში ტარდება.
საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მართავს პირველობებს სხვადასხვა წონით კატეგორიაში, რაც ამ სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება. ფედერაციის კალენდრის მიხედვით, აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარება სწორედ ახალქალაქში იყო დაგეგმილი. ახალქალაქში ჩემპიონატის ორგანიზებაში დახმარება მწვრთნელმა სერგეი ტონაკანიანმა გაწია.
შეჯიბრების სანახავად და მონაწილეთა მხარდასაჭერად მოვიდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ ფალიანი, თავმჯდომარის მოადგილე ნაირი ირიციანი და სხვა ოფიციალური პირები. მერიის წარმომადგენლების მოსვლის შემდეგ, დაგეგმილი იყო ჩემპიონატის ოფიციალური გახსნა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით.
შეჯიბრებაში ახალქალაქიდან სხვადასხვა ასაკის 15 სპორტსმენი მონაწილეობს. მწვრთნელი სერგეი ტონაკანიანი მოელის, რომ მათგან 10 შეძლებს შავი ქამრის მოპოვებას.
სერგეი ტონაკანიანმა მადლობა გადაუხადა ახალქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას ამ სპორტის სახეობის მხარდაჭერისთვის, რადგან მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარებით სპორტსმენები საზღვარგარეთ სხვადასხვა შეჯიბრებებზე გასვლას ახერხებენ.
„ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია; საქართველოში არის რეგიონები, საიდანაც სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრებას ვერ ახერხებენ. ჩვენ 24-დან 29 ივნისამდე მოლდოვაში მივდივართ მსოფლიო თასზე. იქ 2000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს და მათ შორის ჩვენი ბიჭებიც იქნებიან“, — ამბობს სერგეი ტონაკანიანი.
მწვრთნელი ასევე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა შეჯიბრებაზე ღირსეულ სპორტსმენებს შავი ქამრები გადაეცეთ, მათ შეძენაში სპონსორობა ხაჩატურ საარიანმა, ვარაზდატ ტიტიზიანმა და ლევა აღაბალიანმა გაწიეს. მისი თქმით, ფინანსური შეზღუდვების გამო, ფედერაციას არ აქვს შესაძლებლობა, ყველა შეჯიბრებაზე უზრუნველყოს შავი ქამრების გადაცემა.
სპორტული კომპლექსის დირექტორის, ატომ ელიზბარიანის შეფასებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ახალქალაქში დადებითად აისახება ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე.
„ეს ერთგვარი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ბავშვი და ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ისე ზოგად განვითარებაზე. შეიძლება ყველა ბავშვი, რომელიც სპორტზე დადის, ცნობილი სპორტსმენი ვერ გახდეს, მაგრამ ისინი მაინც იქნებიან ჯანმრთელები, ძლიერები და დროს სასარგებლოდ გაატარებენ. კიკბოქსინგი, ისევე როგორც კრივი, ახალქალაქში სულ უფრო მასობრივი ხდება“, – ამბობს ატომ ელიზბარიანი.
ხვალ, 29 მარტს, ფინალური ბრძოლები გაიმართება, თუმცა იმ კატეგორიებში, სადაც მონაწილეთა მცირე რაოდენობაა, ფინალები დღესვე ჩატარდება.