27 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, 2026 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი თემა ბიუჯეტში იმ 427 455 ლარის ასახვა გახდა, რომელიც სახელმწიფომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშვო ბაღისთვის ავეჯის შესაძენად გამოყო.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა წარადგინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით, გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი მთელი საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებისთვის ავეჯისა და სხვა ინვენტარის შესაძენად, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხი ბაღისთვის. საუბარია:
ახალქალაქის №1 და №2 ბაღებზე;
ახალქალაქის ახალ №16 ბაღზე;
სოფელ კორხის №17 საბავშვო ბაღზე.
„ტენდერი უკვე ჩატარდა და ის კონსოლიდირებული იყო. ახლა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას და გადარიცხოს შესაბამისი თანხა“, — განმარტა მერგელიანმა.
ავეჯის, ჭურჭლის, ტექნიკისა და სათამაშოების შესყიდვაზე ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და ისინი უკვე დასრულებულია. გამოვლენილია მომწოდებელი კომპანიები, რომლებიც ბაღებს საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფენ.
სხდომის განმავლობაში კომისიამ იმ საბიუჯეტო ცვლილებებზე იმსჯელა, რომლებიც აუცილებელია შესყიდვების დასაფინანსებლად. საკრებულოს ბიუროსა და საერთო სხდომები მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის №16 ახალი საბავშვო ბაღი ექსპლუატაციისთვის ჯერ კიდევ გასული წლიდან მზად არის, თუმცა ავეჯის არქონის გამო ვერ იხსნება. ქალაქში მოქმედი ბაღები კი უკვე 2 წელია რემონტის გამო დაკეტილია. ადგილების სიმცირის გამო, აღსაზრდელთა მხოლოდ ნაწილი გადაჰყავთ სოფლის ბაღებში. ბევრი მშობელი ახალი ბაღის გახსნის მოლოდინში იყო, თუმცა, ფაქტობრივად, მთელი თაობა სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩა.