შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, სამი პირი კი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, უწყებიდან დაითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, 1977 წელს დაბადებულმა დ.ი.-მ, რომლის მოვალეობაშიც მართვის მოწმობის მსურველ პირთა პრაქტიკული გამოცდის ჩატარება შედიოდა, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, მან პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილი კანდიდატები შეგნებულად გადაამისამართა მასთან დაახლოებულ პირთან პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად, საიდანაც მატერიალურ სარგებელს იღებდა.
ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში გამოიკვეთა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების: გ.ს.-ს, ლ.კ.-სა და ა.ბ.-ს მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რაც ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადასტურდა. აღნიშნული გადაცდომის შედეგად, მომსახურების სააგენტომ სამ მოქალაქეზე მართვის მოწმობები არასწორად გასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების – გ.ს.-ს, ლ.კ.-სა და ა.ბ.-ს მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი – „სამსახურიდან დათხოვნა““, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.