დღეს, 27 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ახალქალაქის ბიუჯეტიდან ახალი მედიასაშუალების დაფინანსების საკითხიც განიხილეს. კერძოდ, Expressnews-ისთვის განკუთვნილი 3 000 ლარის ნაცვლად, 3 600 ლარი მედიაჰოლდინგ „რეპორტიორს“ გამოეყოფა.
სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ახალი მედიაჰოლდინგისთვის, „რეპორტიორისთვის“, 3 600 ლარის გადაცემა იყო.
„წელს ფინანსები გამოეყო GUARDIAN.ge-ს, თუმცა თანხა არ ჩაერიცხა Expressnews-ს — მათთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ხელშეკრულება საინფორმაციო მომსახურებაზე იდება. მედიაჰოლდინგ ‚რეპორტიორს‘ კი 3 600 ლარი გამოეყოფა. ეს პირველი შემთხვევაა, ყოველ შემთხვევაში, მე მათ პირველად ვხედავ“, — განაცხადა ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა.
ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე, იყო თუ არა ეს „მთავრობის ან გუბერნიის განკარგულება“, საფინანსო სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო: „ეს ადმინისტრაციამ წარმოადგინა. მათ, ალბათ, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ ინფორმაცია სწორედ ამ საშუალებამ გაავრცელოს. მათ მოგვმართეს, ჩვენ კი თქვენ მოგმართავთ თანხის გამოსაყოფად“. კითხვაზე, თუ საიდან არის ეს „რეპორტიორი“, გაიცა პასუხი, რომ ისინი თბილისში იმყოფებიან.
მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ საინფორმაციო ვებგვერდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეს აშუქებს. ახალქალაქის შესახებ გამოქვეყნებული მასალების უმეტესობა ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის გამო დაწესებულ საგზაო შეზღუდვებს ეხება. ასევე, ვებგვერდზე გვხვდება რამდენიმე საინფორმაციო მასალა ახალქალაქში განხორციელებული კეთილმოწყობის სამუშაოებისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის (ამჟამინდელი მერის) 2025 წლის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ. საიტზე განყოფილება „ჩვენ შესახებ“ აქტიური არ არის, რის გამოც დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.
ახალქალაქის ბიუჯეტის „საინფორმაციო პროგრამის“ მუხლში მითითებული იყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული შემდეგი მედიასაშუალებები:
აღსანიშნავია, რომ 2025 და 2026 წლების ბიუჯეტებში Expressnews კვლავ ფიგურირებს, თუმცა, როგორც საიტის დირექციამ განაცხადა, მათ მედიასაშუალებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსება უკვე ორი წელია არ მიუღია.
„არა, ჩვენ არ მიგვიმართავს. ეს, ალბათ, შეცდომაა. გლდანისა და თბილისის მერიებშიც იგივე გააკეთეს – ჩვენი სახელი გამოიყენეს. ახალქალაქის მერიასთან უკვე ორი წელია არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ეს ერთი. და მეორე -ჩვენ უკვე ოპოზიციური მედია ვართ და სახელმწიფო კონტრაქტები დიდი ხანია აღარ გვაქვს“, – აღნიშნა Expressnews-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ირაკლი მანაგაძემ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საინფორმაციო პროგრამის“ ხარჯები მზარდია. კერძოდ, 2022 წელს ინფორმაციის გავრცელებისთვის გამოიყო 47 900 ლარი, 2023 წელს – 57 900 ლარი, 2024 წელს – 62 750 ლარი, 2025 წელს -65 850 ლარი, ხოლო 2026 წელს -65 900 ლარი. ხუთი წლის ჯამური თანხა 300 300 ლარს შეადგენს. ეს მონაცემები დაგეგმილი ბიუჯეტებიდან არის აღებული, ამიტომ ისინი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს რეალური ხარჯებისგან. მაგალითად, მიმდინარე წელს მედიაზე 69 500 ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად 70 100 ლარი იხარჯება.