2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა, მათ შორის 19 856 ვაჟი და 18 011 გოგონა. აღნიშნულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობით აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4,1 პროცენტით არის შემცირებული.

„2025 წელს დაბადების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა (14 334 ბავშვი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (191 ბავშვი).

2025 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რაოდენობაში, 2024 წელთან შედარებით, პირველი შვილის წილი 35,9%-დან 36,6%-მდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი 32,9%-მდე შემცირდა, ხოლო მესამე და მომდევნო შვილების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და 29,1% შეადგინა.

2025 წელს 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი ცოცხლად დაბადებულთა საერთო რაოდენობაში, წინა წელთან შედარებით, 23,2%-დან 21,9%-მდე შემცირდა, ხოლო 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69,5%-დან 70,4%-მდე გაიზარდა. მატება შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებშიც, რომელთა წილი 7,3%-დან 7,7%-მდე გაიზარდა.

2025 წელს პირველი შვილის გაჩენისას დედის საშუალო ასაკი 27,4 წლით განისაზღვრა“, -წერს „საქსტატი“.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვალების შემთხვევებმა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობას გადაჭარბა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მსგავსი მონაცემები უკვე მრავალი წელია ფიქსირდება და შობადობა წლიდან წლამდე მცირდება. 2025 წლის მონაცემებით, შობადობა ქვეყანაში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა.

„2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 0,8 პროცენტით გაიზარდა და 44 319 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა (12 743 ადამიანი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში (585 ადამიანი).

2025 წლის მონაცემებით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7,6 შეადგინა. 2025 წელს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9,1 იყო.

2025 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის) და მან -6 452 ერთეული შეადგინა.

გარდა ამისა, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის მხარისა“, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.