საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის მსხვილი არხი გამოავლინეს – აკრძალული ნივთიერებები საზღვარგარეთიდან ფოსტით, საკვები დანამატების საფარქვეშ იგზავნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქმეზე დაკავებულია ხუთი პირი – საქართველოს, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის მოქალაქეები. სამინისტროში არ დაუკონკრეტებიათ, არიან თუ არა ეს პირები ერთმანეთთან კავშირში.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გეგმავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას, რომლებიც მათ საზღვარგარეთიდან შენიღბული ამანათებით მიუვიდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე უცნობია, ვინ იყო ნარკოტიკების გამომგზავნი. პოლიციამ ამანათების საკონტროლო მიწოდება განახორციელა, რამაც ეჭვმიტანილების „დანაშაულებრივი განზრახვა დაადასტურა“.

ნივთმტკიცების სახით, ამანათებიდან, ისევე როგორც ფიგურანტების საცხოვრებელი სახლებიდან, ამოღებულია სულ მცირე 20 კილოგრამი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება. მათ შორისაა: 311 აბი „მდმა“ (MDMA), 9 კილოგრამამდე მეფედრონი, 2 კილოგრამზე მეტი მეტადონი, 4 კილოგრამამდე ჰაშიში, 1,5 კილოგრამამდე კლეფედრონი, მარიხუანა, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინისა და ნარკოტიკული პრეპარატ „ალფა-პვპ“-ს ნარევი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას, ანალოგიური ქმედების მცდელობასა და გასაღებაში დახმარებას. დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.