ახალქალაქში დღეისათვის პრაქტიკულად არ არსებობს პირობები მართვის მოწმობის მისაღებად სრულფასოვანი სწავლებისათვის. ქალაქში მოქმედებს მხოლოდ ერთი ავტოსკოლა, სადაც მხოლოდ თეორიის სწავლაა შესაძლებელი და არა — მართვის. მას ძირითადად 17 წლის ახალგაზრდები იყენებენ, რომელთაც გამოცდაზე გასასვლელად თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი მოწმობა სჭირდებათ.

ჯერ კიდევ 3 წლის წინ ახალქალაქში მოქმედებდა ავტოსკოლა, სადაც მართვის სწავლის შესაძლებლობაც იყო, თუმცა ის უკიდურესად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სსრკ-ს დროინდელი „დოსააფი“ (ДОСААФ) თეორიას ნახევრად დანგრეულ შენობაში, ბუკლეტების მეშვეობით ასწავლიდა და პრაქტიკისთვის მხოლოდ ორი ძველი ავტომობილი ჰყავდა. ვარჯიშის შესაძლებლობა შენობის უკან მდებარე მინდვრით შემოიფარგლებოდა, სრულფასოვან სავარჯიშო მოედანზე (პოლიგონზე) წვდომა კი არ არსებობდა. დღეს კი ავტომობილის მართვაში პრაქტიკის მიღების არანაირი შესაძლებლობა აღარ არის.

Dosaf - 1

ამჟამად ყოფილი ავტოსკოლის შენობა ავარიულად არის მიჩნეული და ავტოსკოლა, ფაქტობრივად, მცირე ზომის ვაგონში გადავიდა, რომელიც შსს-ს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის გვერდით არის განთავსებული. ვაგონში დამონტაჟებულია გათბობა და დგას ერთი ძველი კომპიუტერი თეორიული ტესტების ჩასაბარებლად. ავტოსკოლაში ირწმუნებიან: ადგილი რომ იყოს, მართვის სავარჯიშო მოედნის (პოლიგონის) მოწყობას შეძლებდნენ, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

„მიწის გადასახადს ვიხდიდით, იყო ნაკვეთი, საკმარისი მიწა იმისთვის, რომ ტარების სწავლების შესაძლებლობა ყოფილიყო. ახლა კი ეს შესაძლებლობა აღარ გვაქვს“, — ამბობს ავტოსკოლის დირექტორი მაქსიმ გილოიანი.

Dosaf - 1

შენობა ნახევრად დანგრეულია, ხოლო ადგილი, სადაც ადრე ადგილობრივი მაცხოვრებლები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპისთვის (მოედანზე) ვარჯიშობდნენ, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაა. ავტოსკოლის დირექციამ ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, გამოეყოთ სხვა ადგილი სავარჯიშო მოედნისთვის იჯარით გადასაცემად, თუმცა მათ მიწის აუქციონის წესით შეძენა შესთავაზეს.

„მიპასუხეს, რომ მიწას იჯარით ვერ მომცემდნენ და მითხრეს, რომ შეეძლოთ გაყიდვა. საჭიროა ერთი ჰექტარი მიწა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მისი ყიდვა შეუძლებელია: აუქციონის წესით თანხა ძალიან დიდი გამოვა, მერე კი მშენებლობაა საჭირო, აღჭურვა, ასფალტის დაგება. ჩვენ დავთვალეთ, რომ მიწა დაახლოებით 86 000 ლარი დაჯდებოდა, ხოლო ტიპური მოედნის ასაშენებლად ასფალტის დაგება- კიდევ 100 000 ლარამდე. ამასთან, ავტომობილებიც შესაძენია. ეს უზარმაზარი თანხაა“, – ამბობს ის.

მაქსიმ გილოიანი აღნიშნავს, რომ თუ მოედანზე გამოცდის ჩაბარება ადგილობრივებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ახალქალაქში, ქალაქის პირობებში მართვის გამოცდას აქ ვერ აბარებენ. ის ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოსაცდელებს ჰქონდეთ კარგი პირობები სრულფასოვანი ვარჯიშისა და სწავლისთვის. ახლა კი ბევრი უბრალოდ ზეპირად სწავლობს ბილეთებს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ აბარებს გამოცდას მოედანზე, მაგრამ შემდგომ მრავალჯერ ვერ გადის გამოცდას ქალაქში. ამაში დიდ თანხებს ხარჯავენ, ბოლოს კი სასოწარკვეთილები, მართვის მოწმობას უბრალოდ ყიდულობენ ან გამოცდებს იქ აბარებენ, სადაც ეს უფრო მარტივია. ავტოსკოლის დირექტორის აზრით, სწორედ ამიტომ ხდება ისეთი შეცდომები, როგორიცაა პარკირება აკრძალულ ადგილას, საგზაო ნიშნების იგნორირება და მრავალი სხვა.

Dosaf - 1

ახალქალაქის ავტოსკოლას ძირითადად 18 წლამდე ახალგაზრდები სტუმრობენ. გამოცდების ჩასაბარებლად მათ სწავლების გავლის დამადასტურებელი მოწმობა სჭირდებათ. ისინი ავტოსკოლაში რეგისტრირდებიან და 80 ლარს იხდიან. სეზონის მიხედვით, სწავლებას თვეში 10-15 ადამიანი გადის. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ავტოსკოლა ხაშურის ავტოსკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედებს და ახალქალაქში თეორიის შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებს მართვის სწავლა ხაშურში შეუძლიათ. თუმცა, ხაშურში ჩასვლა უფრო ხარჯიანია, ვიდრე ახალციხეში, ამიტომ მართვის შესასწავლად ძირითადად იქ მიდიან.

„ისე გამოდიოდა, რომ მართვის გამოცდაზე გასასვლელად ავტოსკოლის კურსის გავლის ცნობაა საჭირო – ეს ეხება მათ, ვისაც 18 წელი ჯერ არ შესრულებია. ამისთვის ისინი ისევ ახალციხეში უნდა წასულიყვნენ, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ასე მოვქცეულიყავით: იმ დროს, როდესაც მართვის მოწმობის აღების მსურველი ბევრი იყო, ჩვენი ძალებით დავდგით ეს ვაგონი აქ. წელს რომ გავხსენით, ვნახეთ, რომ დიდი ხნის უმოქმედობისგან დალპობოდა ყველაფერი. მთლიანად შევცვალეთ, შევქმენით ყველა პირობა, რომ თეორია ვასწავლოთ და ნებართვა გავცეთ. რადგან საუბარი იყო არა მხოლოდ ახალქალაქის, არამედ ნინოწმინდის მცხოვრებლებზეც“, – ამბობს მაქსიმ გალოიანი.

სხვადასხვა ასაკის ახალქალაქელები აღნიშნავენ, რომ თუ ქალაქში გაჩნდება აღჭურვილი ავტოსკოლა, სადაც რეალურად იქნება შესაძლებელი საქალაქო პირობებში მართვის სწავლა, ბევრი მოისურვებს ადგილზე სწავლას და აღარ მოუწევთ სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში წასვლა მართვის მოწმობის მისაღებად.