ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაანონსდა. გზა, რომლის აღდგენაც წლებია მიმდინარეობს, არაერთი გადავადების შემდეგ, 2025 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი კვლავაც მიმდინარეა.

„ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ გზის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2026 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. მათივე ცნობით, სამუშაოების ჯამური ღირებულება 256 341 342 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გოდერძის უღელტეხილს გაივლის და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. ეს გზა ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შეამცირებს.

პროექტით გათვალისწინებულია 47 კმ. გზის რეაბილიტაცია. დაახლოებით 44 კმ-ზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. გზების დეპარტამენტის ცნობით, დარჩენილ 3 კმ-იან მონაკვეთზე „აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

„მეწყრული მონაკვეთების ნაწილზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევები, შემდგომი სამუშაოების წარმოების მიზნით, ხოლო დანარჩენ ნაწილზე (მეწყრულ მონაკვეთებზე) მიმდინარეობს ფერდის გამაგრების სამუშაოები“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რატომ ჭიანურდება ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის დასრულება?
2016 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დაწყება დააანონსა. 2017 წელს გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა. 2018 წელს ხელშეკრულება დაიდო კომპანია TODINI Costruzioni Generali S.p.A-სთან.

„ბიზნესპრესნიუსს“ გზების დეპარტამენტში განუმარტეს, რომ „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის შეწყვეტილ იქნა 4 ხელშეკრულება“, რამაც პროექტის დასრულების გაჭიანურება გამოიწვია.

უფრო კონკრეტულად, საუბარია დეპარტამენტსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის დადებულ შემდეგ ხელშეკრულებებზე:

2018 წლის 2 აგვისტოს ხელშეკრულება TODINI Costruzioni Generali S.p.A.-თან. საუბარია პირველ ლოტზე (ხულო – გოდერძის უღელტეხილის კმ 0+000 – კმ 29+372 მონაკვეთზე);
TODINI Costruzioni Generali S.p.A.-თან ასევე 2018 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება ლოტ 2-ზე (გოდერძის უღელტეხილი-ზარზმას მონაკვეთის კმ 0+000 – კმ 17+380);
2020 წლის 9 ივნისის ხელშეკრულება შპს „სამშენებლო კომპანია მამისონ“-თან (ლოტი 1.1). გათვალისწინებული იყო ხულო – გოდერძის უღელტეხილის კმ 0+000 – კმ 4+007 მონაკვეთის რეაბილიტაცია;
2020 წლის ოქტომბერში „Sinohydro Corporation Limited (China)“-სთან დადებული შეთანხმება (ხულო – გოდერძის უღელტეხილის კმ 5+195 – კმ 29+732 მონაკვეთის (ლოტი 1) რეაბილიტაცია.
„ხსენებული ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდგომ, სატენდერო პროცედურების ჩატარებამ თავის მხრივ გადაავადა სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამასთანავე, უწყებაში განმარტავენ, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის დასრულებას ხელი შეუშალა რთულმა გეოლოგიურმა მდგომარეობამ და არამდგრადმა ქანებმა.

„საპროექტო მონაკვეთი აგებულია გეოლოგიურად რთული და არამდგრადი ქანებისგან, სადაც ხშირია მეწყრული პროცესების განვითარების შემთხვევები, რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული დრო სჭირდება გეოლოგიური კვლევებისა და საპროექტო ცვლილებების განხორციელებას, რაც აისახება სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების ტემპზე“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

წყარო:bpn.ge