საქართველოში ავარიებისა და მათ შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5 866-ს შეადგენდა. სამცხე-ჯავახეთში ასეთი შემთხვევების რაოდენობამ 134 შეადგინა.

ავარიების რაოდენობის ზრდის ფონზე, მოიმატა როგორც დაშავებულთა, ისე დაღუპულთა რიცხვმაც. შსს-ს მონაცემებით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 191-მა დაზიანებები მიიღო (2024 წელს დაიღუპა 444 და დაშავდა 7 587 ადამიანი). უშუალოდ სამცხე-ჯავახეთში, 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, 210 კი დაშავდა.

რაც შეეხება ავარიების გამომწვევ მიზეზებს, შსს-ს სტატისტიკით, 2025 წელს ყველაზე მეტი შემთხვევა მოხვევის მანევრის გამო მოხდა — სულ 1 596 შემთხვევა.

ავარიების შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მეტი 26-40 წლის ასაკის მამაკაცია — 81 ადამიანი. ხოლო ფეხით მოსიარულეთა შორის ყველაზე ხშირად 61 წელს გადაცილებული მამაკაცები იღუპებიან — 50 ადამიანი.

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2025 წლის სტატისტიკის მიხედვით, ავარიების მიზეზები ასე ნაწილდება:

  • მოხვევის მანევრი – 1 569 შემთხვევა
  • საპირისპირო ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 1 319 შემთხვევა
  • ფეხით მოსიარულის მიერ გადასასვლელით არასწორი სარგებლობა – 989 შემთხვევა
  • დისტიანციის დაუცველობა – 886 შემთხვევა
  • დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 694 შემთხვევა
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 424 შემთხვევა
  • დაჯახება დაბრკოლებასთან – 382 შემთხვევა
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 329 შემთხვევა
  • გზაჯვარედინზე გავლის წესების დარღვევა – 279 შემთხვევა
  • ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა – 170 შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა: საპირისპირო ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევისას — 122 ადამიანი; მოხვევის მანევრის დროს — 117; სიჩქარის გადაჭარბებისას — 114, ხოლო ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას — 62 ადამიანი.