უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები გაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 41 უცხო ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის — თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ალჟირის, ჩინეთის, უზბეკეთის, იემენის, იორდანიისა და ერაყის მოქალაქეები.

„ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით. ამჟამად დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით ტარდება შესაბამისი პროცედურები“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.