საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან დღეს, 25 მარტს აცნობეს.
როგორც გივი მიქანაძის უწყება მოწოდებულ პრეს-რელიზში განმარტავს, ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
„შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ“, – წერია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგება კვოტების შესაძლო გაორმაგების თაობაზე მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებას, რომელიც აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობის მიუხედავად, მისაღები ადგილების რაოდენობის ზრდას გამორიცხავდა:
“როდესაც ჩვენ გვექნება ის ერთი წელი, როდესაც მე-11 და მე-12 კლასი გაზრდილი კონტინგენტით დაასრულებს, ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ განვსაზღვრავთ კონკრეტული პროფესიებიდან გამომდინარე, რა საჭიროება გვექნება და სწორედ ამის მიხედვით სამინისტრო წარადგენს ხედვას, რომელსაც მთავრობა შესაბამისი დადგენილების სახით დაამტკიცებს და განსაზღვრავს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში – ეს კერძო უნივერსიტეტებს არ ეხება – 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე რამდენი ადგილი იქნება და ამის მიხედვით, ჩვენ უზრუნველვყოფთ კონკრეტულ მიმართულებებზე ჩარიცხული სტუდენტების მიღებას, მაგრამ მათთვის, ვინც ვერ მოახერხებს ჩარიცხვას, გვექნება სრული მზაობა, რომ შევთავაზოთ სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების, კონკრეტული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობა“, – თქვა გივი მიქანაძემ ერთ-ერთი პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად.