საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდება, რომელიც 2025 წლის იანვრიდან კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ (თავდამსხმელი) თამაშობს.

ის ამ პოსტზე შეცვლის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გურამ კაშიას, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ოთარ კოტეიშვილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს — ლიეტუვას, კაუნასში.

ხვიჩა კვარაცხელია თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. მას ასევე უთამაშია „რუსთავში“, ბათუმის „დინამოში“, მოსკოვის „ლოკომოტივსა“ და ყაზანის „რუბინში“.

2022 წლიდან კვარაცხელია „ნაპოლიში“ თამაშობდა და 2023 წელს ნეაპოლურ გუნდს 1990 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობა მოაპოვებინა იტალიაში. 2022/2023 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირფას მოთამაშედ (MVP) აღიარეს. მან 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კვარაცხელიამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც გუნდთან ერთად 1/8 ფინალურ ეტაპამდე მივიდა. 2025 წელს ის „ნაპოლიდან“ „პსჟ“-ში გადავიდა.