ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდისა და მოსალოდნელი დეფიციტის ფონზე, საგანგებო შეზღუდვები დააწესონ. სააგენტოს რეკომენდაციით, მთავრობებმა უნდა შეამცირონ სიჩქარის ლიმიტები ავტომაგისტრალებზე, წაახალისონ დისტანციური შრომა და შეზღუდონ კერძო ავტომობილების გადაადგილება დიდ ქალაქებში. აღნიშნული ზომები პირდაპირ უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტსა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას, რამაც გლობალური ენერგობაზარი ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დააყენა.
როგორც ირკვევა, IEA-ს მიერ შემუშავებული 10-პუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს საწვავზე მოთხოვნის მყისიერ შემცირებას, რათა შენარჩუნდეს ენერგოუსაფრთხოება ხანგრძლივი დეფიციტის პირობებში. სააგენტო ქვეყნებს სთავაზობს ავტომობილების ნომრების მიხედვით მოძრაობის გრაფიკის დაწესებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ავიაფრენების მაქსიმალურ შეზღუდვას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მა უკვე დაიწყეს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ მიწოდების აღდგენას ირანთან კონფლიქტის გამო ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულმა იერიშებმა საწვავის ყველა სახეობაზე – ბენზინზე, დიზელსა და თხევად აირზე ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის საბერძნეთმა და ავსტრიამ, საწვავის საცალო ვაჭრობაზე მოგების მარჟა უკვე შეზღუდა, რათა მომხმარებლები ფასების შოკისგან დაიცვას. IEA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ფატიჰ ბიროლი აცხადებს, რომ კონფლიქტის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში, მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმა კიდევ უფრო მწვავე იქნება.