საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 30 მარტს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვას აპირებს.

თავდაპირველად ეს პროცესი გასული წლის ბოლოს იგეგმებოდა. კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობის გამო ტარიფების გაზრდა გახდებოდა საჭირო. მაშინ ეს განცხადებები დაემთხვა მთავრობის დაპირებას, რომ საქართველოში არსებულ მაღალ ფასებს დაარეგულირებდნენ. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ აღნიშნა, რომ მოქმედი ტარიფები შენარჩუნდებოდა, რის შემდეგაც კომისიამ საკითხის განხილვა 3 თვით გადადო.

ბოლოს ტარიფები 2023 წელს გადაიხედა. მაშინ კომერციული და საყოფაცხოვრებო მოხმარების მოქმედი ტარიფი 3 თეთრით შემცირდა.

დღეს მოქმედი ტარიფები:

თბილისში:

101 კვტ/სთ-მდე მოხმარება – 15 თეთრი

101-301 კვტ/სთ – 19 თეთრი

301 კვტ/სთ-ზე მეტი – 23,5 თეთრი

რეგიონებში: შესაბამისად 14,731; 15,707 და 23,227 თეთრი.

ახალქალაქსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში 2017 წლიდან მოსახლეობა ელექტროენერგიის შეღავათებით სარგებლობს. სუბსიდირდება მოხმარებული ენერგიის 50%, მაგრამ არაუმეტეს 100 კვტ/სთ-ისა. ეს ნიშნავს, რომ 200 კვტ/სთ-მდე მოხმარების შემთხვევაში იფარება ხარჯის 50%, ხოლო 200 კვტ/სთ-ზე მეტი მოხმარებისას — 100 კვტ/სთ-ის ღირებულება (დაახლოებით 19 ან 25 ლარი). ამასთან, სუბსიდია იანგარიშება იმ ტარიფით, რომლითაც ხდება აბონენტის მთლიანი მოხმარების დათვლა.