ქალის ცხოვრება რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის, რომლებიც ორგანიზმის ჰორმონალურ გარდაქმნასთან არის დაკავშირებული: ბავშვობა, მოზარდობის ასაკი (პუბერტატი), რეპროდუქციული ასაკი, პერიმენოპაუზა (გარდამავალი პერიოდი), მენოპაუზა და პოსტმენოპაუზა. ყველა ამ ეტაპს თან ახლავს სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილება, რაც კვალს ტოვებს ქალის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
„ქალთა თვის“ განმავლობაში, რომელიც ახალქალაქელებისთვის 3 მარტს (დედის დღე საქართველოში) იწყება, 8 მარტს (ქალთა საერთაშორისო დღე) გრძელდება და 7 აპრილს (დედობისა და სილამაზის დღე სომხეთში) სრულდება, Jnews თავის მკითხველს სთავაზობს მასალების სერიას, რომელიც ქალებსა და მათ პრობლემებს ეძღვნება.
ფსიქოლოგი გოარ აღჯოიანი აღნიშნავს, რომ მენოპაუზა ქალებში არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ვლინდება. იგი ხაზს უსვამს, რომ ამ პერიოდში ხშირია სხვადასხვა ფიზიოლოგიური გამოვლინება, რასაც შესაძლოა დაემატოს ემოციური განცდები, დაკავშირებული ცხოვრებისეული ღირებულებების გადაფასებასა და პირადი როლების ცვლილებასთან. მენოპაუზა მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის დასრულება არ არის – ეს ქალის შინაგანი გარდაქმნის მთელი ეტაპია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და ფსიქიკურ მხარდაჭერას მოითხოვს.
„ქალისთვის ეს არის გარდამავალი ეტაპი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ის ღრმა ცვლილებებისა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პროცესის დასაწყისია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ქალები ამ პერიოდს ინდივიდუალურად გადიან. ეს არის ეტაპი, როდესაც ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქცია თანდათან სრულდება. ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე, არამედ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზეც. ქალი შესაძლოა დადგეს ისეთი კითხვების წინაშე, რომლებიც მანამდე არასდროს დაუსვამს საკუთარი თავისთვის, მაგალითად: „ვინ ვარ მე ახლა?“, „ვრჩები თუ არა მიმზიდველი ჩემი პარტნიორისთვის?“ ან „აღარ ვარ მისთვის საინტერესო?“. ხშირად მან შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროს, ზუსტად რა შეიცვალა მის ცხოვრებაში და რატომ ეცვლება გუნება-განწყობილება დღის განმავლობაში რამდენჯერმე“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მენოპაუზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქალის თვითშეფასებაზე. ჰორმონალური ცვლილებები, ფიზიკური სიმპტომები და ემოციური რყევები ქალს აიძულებს, სხვაგვარად აღიქვას საკუთარი თავი და სხეული, რაც იწვევს ეჭვს მიმზიდველობაში, თავდაჯერებულობის შემცირებასა და კონტროლის დაკარგვის განცდას. ამ პერიოდში ქალისთვის აუცილებელია ახლობლების მხარდაჭერა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა — ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია თავდაჯერებულობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება.
„ეს საკითხები გავლენას ახდენს ქალის თვითშეფასებასა და მისი ქალურობის განცდაზე, აიძულებს მას, გააცნობიეროს ასაკობრივი ცვლილებები და ხშირად გადააფასოს საკუთარი ცხოვრება. ფსიქოლოგის როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც ადამიანს შეუძლია, პირველად მოუსმინოს საკუთარ თავს გულწრფელად. ამასთან, ფსიქოლოგი ამ პროცესში მხოლოდ მსმენელი კი არ არის, არამედ „სარკის“ როლში გვევლინება და ეხმარება ადამიანს, კვლავ დაინახოს საკუთარი თავი — უფრო ღრმად და სრულყოფილად. ამ პერიოდში ქალებში ხშირად შეინიშნება ემოციური არამდგრადობა, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვალებადობა, გაღიზიანებადობა, ტირილისკენ მიდრეკილება, დეპრესიული გამოვლინებები, სიცარიელის განცდა, მოტივაციის ხანგრძლივი დაკარგვა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაქვეითება, შფოთვა, შიში, წუხილი, საკუთარი სხეულით უკმაყოფილება და სხვა.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სიმპტომები „სისუსტე“ არ არის – ეს ორგანიზმისა და ფსიქიკის ბუნებრივი რეაქციაა მიმდინარე ცვლილებებზე. ფსიქოლოგის როლი ამ ეტაპზე ძალიან კონკრეტული და პრაქტიკულია: ის ეხმარება ემოციების რეგულირებაში, ასწავლის გუნება-განწყობილების ცვალებადობასთან გამკლავებას; აღადგენს თვითშეფასებას, ეხმარება ქალს, რომ საკუთარი ღირებულება მხოლოდ ასაკს ან გარეგნობას არ დაუკავშიროს; ამცირებს შფოთვასა და შიშებს, ასევე აუმჯობესებს ურთიერთობებს ოჯახსა და წყვილში“, – განმარტავს ფსიქოლოგი.
გოარი ამბობს, რომ მენოპაუზა სიცოცხლის დასასრული არ არის. ფსიქოლოგის დახმარებით ეს პერიოდი შესაძლოა უფრო გაცნობიერებულად, მშვიდად და საკუთარი თავისადმი მეტი შემწყნარებლობით გაიაროს ადამიანმა. თუმცა, ჯავახეთში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ქალები ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე ფსიქოლოგის მომსახურებას არ მიმართავენ.
„ვინაიდან ჯავახეთში ქალები ძირითადად საყოფაცხოვრებო საკითხებით არიან დაკავებულნი და საკუთარ თავზე არ არიან კონცენტრირებულნი, ისინი ყურადღებას არ აქცევენ თავიანთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. არც თავად ქალები და არც გარშემომყოფები არ ითვალისწინებენ ამ პერიოდს, რაც მას ბევრად უფრო ართულებს. სირთულეს ისიც მატებს, რომ ფიზიკური დატვირთვის გამო ქალები დიდ ზეწოლას განიცდიან, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. კარგი იქნებოდა, ამ პერიოდში მათ ცოტა დასვენება და ფსიქოლოგთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
თუ ქალს მშვიდი ყოფა და ცხოვრება აქვს, მას შეუძლია დრო თავის ჰობის დაუთმოს და ეს ეტაპიც უფრო რბილად გაიაროს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მენოპაუზის დროსაც კი, ქალი დილის 5 საათზე უნდა ადგეს და გააგრძელოს იგივე საქმის კეთება, რასაც მანამდე აკეთებდა. ასე ის ორმაგი დარტყმის ქვეშ ექცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ეტაპის გავლა მაშინ, როცა ვინმეს შეუძლია მოგისმინოს და მხარი დაგიჭიროს — ეს მის მდგომარეობას შეამსუბუქებდა. ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, მენოპაუზის საკითხებზე არავის მოუმართავს და არ მგონია, სხვა ვინმესთვის მიემართათ. ძირითადად მოდიან შფოთვის, დეპრესიული პერიოდებისა და შვილების საკითხების გამო. ვგრძნობ, რომ პირველ რიგში მათ დახმარება სწორედ ამ პერიოდში სჭირდებათ, რათა შეძლონ საკუთარი შვილების დაცვა, თუმცა ამას პირდაპირ ვერ აცნობიერებენ“, — ამბობს გოარი.
ჯავახეთში მენოპაუზა არის პერიოდი, როდესაც ქალი ძირითადად საკუთარ თავში და ტანჯვაში იკეტება, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ორგანიზმს და თავის თავს ამ რთული პერიოდის იოლად გადალახვაში დაეხმაროს.