პოლიტიკოსი, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელსაც ბრალად ედებოდა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენის მიხედვით, ელენე ხოშტარიას სასჯელის სახით 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელიწადში დატოვებს.

რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, „მარკერი ექვემდებარება განადგურებას, ხოლო ბანერი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს“.

დღევანდელ სხდომაზე ელენე ხოშტარიას საბოლოო სიტყვის უფლებით უნდა ესარგებლა, თუმცა განაჩენის გამოცხადებაზე, ისევე როგორც წინა პროცესებზე, ის არ გამოცხადებულა.

მოსამართლის მიერ წაკითხულ ოქმში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებიდან იყო წარმოდგენილი, მითითებულია, რომ ხოშტარია „არ აღიარებს ხელისუფლების არცერთ შტოს, მათ შორის არც სასამართლოს“, რის გამოც სხდომაზე არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.