საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში გაატარეს ღონისძიებები, რომელთა შედეგადაც ქვეყნიდან 105 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
შსს-ს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ შემდეგი სახელმწიფოების მოქალაქეები: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, მაროკოს, ბანგლადეშის, მიანმარის, მოლდოვის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ლიბანის, ნეპალის, სუდანისა და სხვები — სულ 105 პირი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან 806 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.