2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 7.9 მილიონი დოლარის 5 205 ტონა მზესუმზირის ზეთი იყიდა. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმპორტი ღირებულებით გამოსახულებაში 41%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 26.5%-ით, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას ზეთის იმპორტი გაუძვირდა.

ეს თავის მხრივ ძირითადად რუსეთიდან იმპორტის ფასის მატებას უკავშირდება. საქართველოსთვის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, საიდანაც წელს პროდუქტის 82% ვიყიდეთ, შესაბამისად, საერთო მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ რუსეთიდან იმპორტს აქვს.

იანვარ-თებერვალში ზეთის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

რუსეთი – 6.4 მლნ დოლარი/4 260 ტონა;
უკრაინა – 872.3 ათასი დოლარი/528 ტონა;
აზერბაიჯანი – 559.4 ათასი დოლარი/355 ტონა.
მცირე მოცულობა, 58 ტონა შემოვიდა უნგრეთიდან.

რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2025 წელს, უცხოეთში 68.5 მილიონი აშშ დოლარის 45 345 ტონა მზესუმზირას ზეთი ვიყიდეთ. მათ შორის რუსეთიდან 56.8 მილიონი აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რუსული ზეთის იმპორტი გასულ წელსაც გაუძვირდა.