ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე კომპანია DAFI Robotics Georgia გამოჩნდა, რომელიც საქართველოში AI-ფუნქციონალით აღჭურვილ რობოტების იმპორტს უზრუნველყოფს.

კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი, დავით დარბინიანი, BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ DAFI Robotics Georgia პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც რობოტები ჩინეთიდან ჩამოჰყავს, ქართულ ენაზე ადაპტირებს და ბიზნესებს ეხმარება მომსახურების გაუმჯობესებაში, პერსონალის ეფექტურობის გაზრდასა და თანამედროვე იმიჯის შექმნაში.

დარბინიანის თქმით, კომპანიის მთავარი პარტნიორი გლობალური ლიდერი, ჩინური კომპანია OrionStar-ია: „ჩვენ რობოტები ჩამოგვყავს ჩინეთიდან, ვაკეთებთ სრულ ლოკალიზაციას საქართველოს ბაზრისთვის და ქართულ ენას ვუნერგავთ. რობოტექნიკა აზიაში უკვე ათწლეულზე მეტია აქტიურად გამოიყენება და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ეფექტური სტრატეგიები, თუ როგორ შეიძლება AI-რობოტებმა HoReCa სექტორში წარმატებით იმუშაონ. თუმცა მათი გამოყენება მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება – სხვადასხვა სექტორში კომპანიებთან თანამშრომლობაც აქტიურად არის შესაძლებელი, რადგან რობოტებს ფიქსირებული შაბლონი არ გააჩნიათ და მათი ფუნქციონალის ადაპტირება კონკრეტული სერვისის საჭიროებებზეა შესაძლებელი. ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს, ერთი წელი ვეცნობოდით სისტემას და საბოლოოდ გადავწყვიტეთ იმპორტის განხორციელება, ქართული ენის ინტეგრაცია და ბაზრისთვის სრული ოპტიმიზაცია“, – განმარტავს დარბინიანი.

დარბინიანის თქმით, რობოტები არ ჩაანაცვლებენ ადამიანებს. პირიქით, ისინი ეხმარებიან მათ რუტინულ დავალებებში, ზრდიან მომსახურების ეფექტურობას და ეკონომიას ქმნიან ბიზნესისთვის. „ჩვენი პირველი რობოტი იანვარში ჩამოვიდა და ამჟამად, რესტორან “სალობიე ბიასთან” ვთანამშრომლობთ, სადაც რობოტი მიმტანის დამხმარედ მუშაობს. ჩვენი მიზანი არაა ადამიანების ჩანაცვლება, არამედ მათი ინსტრუმენტალური მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს სამუშაო პროცესი მარტივად და ეფექტურად წარმართონ. მართალია ამ ეტაპზე მხოლოდ ამ რესტორანთან ვთანამშრომლობთ, თუმცა პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან“, – ამბობს დარბინიანი.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონკურენტი ამ მიმართულებით ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს, რაც საშუალებას აძლევს მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები ქართულ ბიზნესში დანერგონ: “საქართველოში არ არსებობს ჩვენი კონკურენტი, რადგან უშუალოდ პირველმა ეს იდეა ჩამოიტანა “მაკდონალდსმა”. თუმცა, უბრალოდ მათ არ უფიქრია იმაზე, რომ ამისგან ბიზნესი შეექმნათ. ჩვენ კიდევ დავინახეთ ეს შესაძლებლობა და ვიფიქრეთ, რატომაც არა?!”, – თქვა მან.

რაც შეეხება ფასებს, მისივე ინფორმაციით, კომპანიას რამდენიმე ტიპის რობოტი აქვს, რომლის ღირებულებაც 8 000–10 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. „ეს ფასი ქართულ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, დაახლოებით წელიწად-ნახევარში ინვესტიცია დაიბრუნოს. შემდგომ, რობოტი აღარ მოითხოვს ხელფასს ან სხვა დანახარჯებს და მუშაობს როგორც სტაბილური, ეფექტური თანამშრომელი, რაც მუდმივ ეკონომიას ქმნის. ქარხნიდან გამოყოფილი სტანდარტული გარანტია ერთი წელია, თუმცა მოლაპარაკებების საფუძველზე ეს საგარანტიო ვადა ოთხ წლამდე შეგვიძლია გავზარდოთ, რაც ადასტურებს, რომ რობოტი მინიმუმ ოთხ წელიწადს შეუფერხებლად იმუშავებს“, – აღნიშნავს დარბინიანი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას დარბინიანი ამბობს, რომ DAFI Robotics Georgia-ს მიზანია, ერთ წელიწადში საქართველოში სულ მცირე 12 რობოტი ჩამოიყვანოს და ქართული ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის მომსახურება უზრუნველყოს.