ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ათობით მეწარმე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ მიღებულ დარიცხვებს არალოგიკურად მიიჩნევს. დარიცხული თანხები რამდენიმე ათასიდან ათეულობით ათას ლარამდე მერყეობს. აღშფოთებულმა ბიზნესმენებმა დახმარებისთვის Jnews-ს დილით მიმართეს.
მეწარმეები აცხადებენ, რომ წყალმომარაგების საფასური დაუსაბუთებლად არის დარიცხული. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წარდგენილი ქვითრები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ათეულობით ათას ლარს აღწევს, ბიზნესსექტორში სერიოზულ კითხვებს აჩენს.
წლის დასაწყისში კომპანიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ბიზნეს-აბონენტების წყლის სისტემასთან მიერთების კანონიერების შემოწმება დაიწყო. ამ პროცესმა უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია, რადგან აბონენტებისთვის არ განუმარტავთ, რატომ მიიჩნევიან ისინი წყლის უკანონო მომხმარებლებად, როდესაც სისტემით დიდი ხანია სარგებლობენ, ბევრი მათგანი კი ქვითრებსაც იღებდა და გადასახადსაც რეგულარულად იხდიდა.
ბევრი მეწარმე აღნიშნავს, რომ ისინი წყლის საფასურს ფიზიკური პირის და არა იურიდიული პირის ტარიფით იხდიდნენ, თუმცა მათ სახელზე ქვითრები მოდიოდა და ისინი ოფიციალურ აბონენტებად ითვლებოდნენ.
შემოწმების შემდეგ აბონენტებს დაურიგდათ „გაფრთხილების“ დოკუმენტები, სადაც მითითებული იყო, რომ გარკვეულ ვადაში მათ უნდა გაეფორმებინათ მიერთება, დაემონტაჟებინათ მრიცხველები და გადაეხადათ დაახლოებით 1200 ლარი. ძირითადად, ყველასთვის სწორედ ეს თანხა განისაზღვრა, რაც 25–32 მმ დიამეტრის სტანდარტული მილის ღირებულებას შეესაბამება.
ზოგიერთმა მეწარმემ მრიცხველების დაყენების თაობაზე განცხადება უკვე დაწერა. ისინი მრიცხველების მონტაჟს არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მოგვიანებით წყლის მოხმარების საფასურის სახით წარმოუდგენლად გაზრდილი გადასახადები მიიღეს.
მაგალითისთვის, ერთ-ერთ აბონენტს თებერვლის თვეში 83 728,8 ლარის ოდენობის ქვითარი მიუვიდა. ამასთან, მისი თქმით, ობიექტზე მხოლოდ ერთი ხელსაბანი და ერთი ტუალეტია. მსგავსი ქვითრები სხვა მეწარმეებმაც მიიღეს — თანხები განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანი უკიდურესად მაღალია.
ბიზნეს-აბონენტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი დარიცხვები დაუსაბუთებელია და კითხვას სვამენ: სად მიდიოდა წინა წლებში მათ მიერ გადახდილი თანხები, თუ ახლა მათ აბონენტებად აღარ თვლიან, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადს რეგულარულად იხდიდნენ.
„თუ აბონენტი არ ვარ, მაშინ სად მიდიოდა ამდენი წლის განმავლობაში ჩემი შენატანი? ყოველთვიურად მომდიოდა ქვითარი და ვიხდიდი. აღმოჩნდა, რომ ჩეკში არასწორი მისამართი იყო მითითებული — მე ვიხდიდი ჩარენცის ქუჩის 48 ნომერში მდებარე სახლისთვის, მაშინ როცა ჩემი ბიზნესი თამარ მეფის ქუჩის 46 ნომერშია. შეცდომა ვერ შევნიშნე, რადგან შეტყობინებებს ტელეფონზე ვიღებდი. ახლა მარეგულირებელი კომისიისგან (სემეკი) პასუხს ველოდები, რათა სასამართლოს მივმართო“, — განაცხადა არმენ ნახატაკიანმა. მას სასტუმრო ბიზნესი აქვს, თუმცა იანვრიდან ის იჯარით გასცა.
კიდევ ერთმა მეწარმემ, მიხეილ კრმაჯიანმა, ასევე მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განმარტებისთვის, თუ როგორ დაერიცხა ერთ თვეში დაახლოებით 35 000 ლარი, მაშინ როცა მის ობიექტზე მხოლოდ ერთი ხელსაბანი და ერთი ტუალეტია. მისი თქმით, კომისიაში უპასუხეს, რომ ვერ ხსნიან, რა საფუძვლით აწარმოა „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ მსგავსი გათვლები.
კომპანია „მეეკიმ“ სამ ობიექტზე მიიღო ქვითარი — ერთზე ნინოწმინდაში და ორზე ახალქალაქში; თითოეულზე დაახლოებით 20 000 ლარია დარიცხული. „ჩვენ დავწერეთ განცხადებები აბონენტად გახდომისა და მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, რის შემდეგაც მივიღეთ ეს ქვითრები. გვსურს გავიგოთ, როგორ მოხდა მათი დაანგარიშება, რადგან დარიცხვებს გადაჭარბებულად მივიჩნევთ“, — აღნიშნა კომპანია „მეეკის“ წარმომადგენელმა, კიმ კოსიანმა.
Jnews-ს ათობით აბონენტმა მიმართა მსგავსი საჩივრით. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ ქვითრების მოსვლა სწორედ მრიცხველების დაყენებაზე განცხადების შეტანის შემდეგ დაიწყო.
ანალოგიური სიტუაციაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. ერთ-ერთმა მეწარმემ, რომელსაც ტანსაცმლის პატარა მაღაზია აქვს, განაცხადა, რომ 5060 ლარის ოდენობის ქვითარი მიიღო. „რამდენი წყალი უნდა მოიხმაროს ტანსაცმლის მაღაზიამ? მაქვს მხოლოდ ერთი ხელსაბანი და ტუალეტი. ჩვენ, ნინოწმინდელმა 15-მა მეწარმემ, მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას და პასუხს ველოდებით“, — ამბობს ის.

Jnews-ისთვის მიმართვის შემდეგ, მეწარმეები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, მელქონ მაკარიანს შეხვდნენ.
„ჩვენ მივიღეთ თქვენი განცხადებები და მათზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე კონკრეტულ პასუხს ვერ მოგცემთ. ადგილობრივი თვითმმართველობა სიტუაციას სწავლობს“, — განაცხადა მან.
ამის შემდეგ, ათობით მეწარმე „გაერთიანებული წყალმომარაგების“ ახალქალაქის ოფისისკენ გაემართა, თუმცა თანამშრომლებმა მკაფიო განმარტებები ვერ გასცეს. ახალი მიერთებების მენეჯერმა, გოდო ლომსაძემ, მოქალაქეების კითხვებს არ უპასუხა.
„გაერთიანებული წყალმომარაგების“ ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერმა, გიორგი ვახტანგიშვილმა განაცხადა, რომ დაანგარიშება ხდებოდა ფორმულით: მინიმუმ ერთი თვიდან მაქსიმუმ რვა თვემდე პერიოდზე, დღეში რვასაათიანი მოხმარების გათვალისწინებით.
თუმცა, ბიზნესმენების თქმით, ამ განმარტებას ლოგიკა აკლია, რადგან შეკრებისას აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ მათგანს აბსოლუტურად იდენტური დარიცხვის ქვითრები მოუვიდა. მაგალითად, ორმა სრულიად განსხვავებული ზომისა და წყლის მოხმარების მქონე სასტუმრომ ზუსტად ერთნაირი ქვითარი მიიღო — ორივეს შემთხვევაში წყლის ხარჯი ერთნაირად დათვალეს და 83 728,08 ლარი დაარიცხეს. ასევე, სათამაშო ბიზნესის ორმა ობიექტმა, რომელთაგან ერთს ორი სველი წერტილი აქვს, მეორეს კი — ერთი, იდენტური ქვითრები მიიღეს 32 821,41 ლარის ოდენობით.
შეკრებილებმა მოითხოვეს, რომ ახალქალაქში კომპანიის რეგიონული დირექტორი ჩავიდეს და ბიზნეს-აბონენტების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.