22-დან 23 მარტის ღამეს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა მოხდა იმავე ადგილას, სოფლის ამბულატორიასთან, სადაც ერთი თვის წინ ავტომობილის დაჯახების შედეგად სოფლის კიდევ ერთი მაცხოვრებელი გარდაიცვალა.

Jnews-ის ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით შეეჯახა კედელს. მანქანაში მხოლოდ ერთი ადამიანი — 1973 წელს დაბადებული მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მართვისას წესების დარღვევაზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, 22-დან 23 თებერვლის ღამეს, იმავე ადგილას, სოფელ დილისკაში, ამბულატორიასთან, ავტომობილი დაეჯახა ამავე სოფლის 65 წლის მცხოვრებს. მიღებული ტრავმებისგან მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ამ მონაკვეთზე ცუდი განათება და ვიწრო ქუჩაა.