საერთაშორისო პლატფორმა Statista-მ, გამოცემა Newsweek-თან თანამშრომლობით, 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კვლევად ითვლება.
რეიტინგი მრავალ კომპონენტს ეფუძნება და აერთიანებს როგორც სამედიცინო პროფესიონალების შეფასებებს, ისე პაციენტთა გამოცდილებასა და კლინიკურ მონაცემებს.
კვლევის მიხედვით, შეფასება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა: სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციები, პაციენტების კმაყოფილების დონე, კლინიკური ხარისხის მაჩვენებლები, პაციენტის მიერ შეფასებული შედეგები და სამეცნიერო აქტივობა.
2025 წლის კვლევა მასშტაბურობით გამოირჩევა – შეფასებულია ათიათასობით საავადმყოფო, ხოლო პროცესში მონაწილეობა მიიღო ათობით ათასმა ექიმმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელმა. საბოლოო რეიტინგში, 30 ქვეყნის სხვადასხვა კლინიკა მოხვდა, გამოიკვეთა მსოფლიოს ტოპ-250 საუკეთესო საავადმყოფო.
ტოპ-10 საუკეთესო კლინიკა მსოფლიოში
გლობალურ სიაში ლიდერობენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხის მომსახურებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებით. მსგავსი კლინიკები, ძირითადად, განვითარებული ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებშია კონცენტრირებული. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ჭარბობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე საავადმყოფოები.
“ბიზნესპრესნიუსი” Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ მსოფლიოს ტოპ-10 საუკეთესო საავადმყოფოს, რომელიც რეიტინგის სათავეში მოხვდა:
Mayo Clinic – აშშ;
Cleveland Clinic – აშშ;
Toronto General Hospital (University Health Network) – კანადა;
The Johns Hopkins Hospital – აშშ;
Karolinska Universitetssjukhuset -შვედეთი
Massachusetts General Hospital – აშშ;
Charité – Universitätsmedizin Berlin – გერმანია;
Sheba Medical Center – ისრაელი;
Singapore General Hospital – სინგაპური;
Universitätsspital Zürich -შვეიცარია.
გლობალური მონაცემთა პლატფორმის, Statista-ს თანახმად, მსოფლიოში საავადმყოფოების რაოდენობა, სავარაუდოდ, 2026 წლისთვის 215 977-ს მიაღწევს.
bpn.ge