სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ონის მუნიციპალიტეტის 2022–2023 წლებისა და 2024 წლის პირველი ექვსი თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობაში სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული სუბიექტი ახორციელებს, ხოლო წყლის ხარისხი არ მოწმდება.

აუდიტის დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად სასმელი წყლის სისტემების მოვლა-შენახვა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაა განსაზღვრული. აღნიშნული მიზნებისთვის 2022–2024 წლებში ჯამში 1.23 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფის მიერ მერიის მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ჩატარებულმა შესწავლამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემა პრობლემებით ხასიათდება. ონის მუნიციპალიტეტში არსებული 65 დასახლებული პუნქტიდან ქალაქ ონისა და სოფელ წმენდაურის მოსახლეობას სასმელი წყლით ამარაგებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ხოლო დარჩენილ 63 სოფელში მცხოვრები 2,755 ოჯახის წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „ონის მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრს“ ევალება.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ ორგანიზაციას წყალმომარაგების საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზია არ გააჩნია, ხოლო მუნიციპალიტეტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის შესაბამისი ნებართვის მისაღებად არ მიუმართავს. ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი წყალმომარაგების სისტემები არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებითა და წყლის დაქლორვის საშუალებებით. ასევე არ ტარდება წყლის სისტემატური ლაბორატორიული შემოწმება, რათა დადგინდეს მისი სასმელად ვარგისიანობა.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მუნიციპალიტეტს მათი მოგვარების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.

აუდიტი რეკომენდაციას აძლევს მერიას, საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. დოკუმენტის მიხედვით, სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე წყალმომარაგების პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, მათ შორის ლიცენზირებული სუბიექტის ჩართვას.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს როგორც წყალმომარაგების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

წყარო bm.ge