20 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სტრუქტურულ ქვედანაყოფში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩატარება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა მუშაობა მიმდინარე წლის 13 თებერვალს განაახლა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებელი მოედანი მზად იყო, აქამდე უცნობი რჩებოდა, როდის გაჩნდებოდა გამოცდის ადგილზე ჩაბარების შესაძლებლობა.
დღეს საგამოცდო მოედანთან უამრავი მსურველი შეიკრიბა. ტარდებოდა პირველი ეტაპი — საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპი ამიერიდან უკვე ახალქალაქშიც ტარდება. თუმცა, როგორც ადრე, მესამე ეტაპი — მართვა ქალაქის პირობებში — კვლავ ახალციხეში იმართება.
13 თებერვლამდე განახლდა ღობე, ასფალტის საფარი, დახაზვა, სველი წერტილები და მოსაცდელი სათვალთვალო ზონა. დღეს მოედანზე უკვე შენიშნეს სენსორები, რომლებიც ადრე არ იყო. ისინი გამოცდის მსვლელობისას შეცდომებს აფიქსირებენ. ასევე, მოედანზე იმყოფება ავტომობილები, რომელთა საშუალებითაც ტარდება მეორე ეტაპი — პრაქტიკული გამოცდა.
მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის სტრუქტურული ქვედანაყოფი სარემონტო სამუშაოების გამო 2025 წლის 30 მაისიდან დაიხურა, რის გამოც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს მომსახურების მიღება მხოლოდ ახალციხეში ან სხვა ქვედანაყოფებში შეეძლოთ. ახალქალაქში ქვედანაყოფი მუშაობას ძველ რეჟიმში განაგრძობს: მოსახლეობას სააგენტოს მობილური ჯგუფი ყოველ პარასკევს მოემსახურება.
ახალქალაქში სარემონტო სამუშაოები კომპანია „პერსპექტივამ“ ჩაატარა, რის საერთო ღირებულებამაც 1 311 844 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხიდან 796 425,79 ლარი ახალქალაქში ჩატარებულ სამუშაოებზე გამოიყო, ხოლო 515 418,21 ლარი — ახალციხეში. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების შესასრულებლად 135 დღე იყო განსაზღვრული: 60 დღე — ახალქალაქისთვის და 75 დღე — ახალციხისთვის. ხელშეკრულება 2025 წლის 5 მაისს გაფორმდა.
მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის ფილიალის კაპიტალური რემონტი მოიცავდა შენობის ინტერიერისა და ფასადის განახლებას, ასფალტირებასა და სხვა სამუშაოებს. კომპანია „პერსპექტივას“ მენეჯერმა, ბექა ციკლაურმა „Jnews“-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ რემონტი ჯერ კიდევ ახალ წლამდე დასრულდა.