როგორც წესი, ახალქალაქში გიგანტური ორმოები, „ენძელების“ მსგავსად, თოვლის დნობის შემდეგ ჩნდება ხოლმე. თუმცა, წელს მძღოლებმა მათი არსებობა ზამთრის პერიოდშივე იგრძნეს.
გზების თოვლისგან გაწმენდა მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობდა, საფარი კი რეაგენტებით მუშავდებოდა. ორმოების გაჩენის მიზეზებს შორის ასფალტის გადაბმის ადგილების დაზიანებასა და რეაგენტების ზემოქმედებას ასახელებენ: წყალი და ქიმიური ნივთიერებები საფარში აღწევს, ყინვისას კი ყინული ფართოვდება, რაც ბზარებსა და ორმოებს წარმოქმნის.
მძღოლები სარემონტო სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. მერიაში განაცხადეს, რომ სამუშაოები მაისში დაიწყება.
„ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს და თანხებიც გათვალისწინებულია. სარემონტო სამუშაოები, ისევე როგორც ყოველ წელს, მაისში იწყება. მეც მძღოლი ვარ და კარგად მესმის მათი. წელს დაზიანების მასშტაბები არც ისე დიდია, ხელშეკრულება უკვე დადებულია და ფინანსებიც არსებობს. თუმცა, ამ ეტაპზე სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. სავარაუდოდ, დაფინანსებას დავამატებთ და ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ. მოქმედი ხელშეკრულებით დაახლოებით 500 000 ლარი დაგვრჩა. ახლა კონკრეტული მონაკვეთების განსაზღვრას აზრი არ აქვს, რადგან ასფალტის ქარხნები მცირე მოცულობის სამუშაოებისთვის არ ჩაირთვება. თანაც, ჯერ კიდევ ნაადრევია“, — აცხადებს ახალქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ტერიტორიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, არა მოვსისიანი.
რაც შეეხება ახალ დახაზვას, არა მოვსისიანს კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა პირობა დადო, რომ მის განახლებას ეცდებიან.
კომპანია „ჯავახავტოგზამ“ გასული წლის დასაწყისში ახალქალაქში ორმოების შეკეთების სამუშაოებზე 1 350 000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ტენდერი ერთდროულად ორ წელზე იყო გამოცხადებული: 450 000 ლარი — 2025 წლისთვის, ხოლო 900 000 ლარი — 2026 წლისთვის. ხელშეკრულების თანახმად, ყველა სამუშაო 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
გზების ცუდი მდგომარეობა კვლავ რჩება ახალქალაქისა და სოფლების მიმართულებით არსებული გზების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ეს საკითხი წლიდან წლამდე სულ უფრო აქტუალური ხდება. ორმოები რეგულარულად ჩნდება, მიუხედავად იმისა, თუ როდის ჩაუტარდა გზას რეაბილიტაცია. ჩავარდნები იმ ქუჩებზეც კი ფიქსირდება, რომლებიც სულ რაღაც 2–3 წლის წინ სრულად მოასფალტდა.