18 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს ვიზის ასაღებად $5000-დან $15000-მდე გირაოს გადახდა მოუწევთ. ახალ სიაში საქართველოც მოხვდა.

ჩაშლილად: საუბარია B1 და B2 – ტურისტული და საქმიანი – კატეგორიის ვიზებზე.

ახალი წესი მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ამოქმედდება.
საქართველოს მოქალაქეებს $5000, $10000 ან $15000-ის გადახდა მოუწევთ, თანხის ზუსტი ოდენობა საკონსულოში გასაუბრების შემდეგ ხდება ცნობილი.
თუ ვიზის მფლობელი იცავს სავიზო პირობებს და საქართველოში დროულად ბრუნდება, მას თანხა უბრუნდება.
გირაო ბრუნდება ასევ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურმა ვიზა საერთოდ არ გამოიყენა.
სტრიქონებს შორის: გირაო ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც აშშ უკანონო ემიგრაციას ებრძვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, “მაღალი რისკის” ქვეყანაა.
უწყებაში გადაწყვეტილებას გადასახადების გადამხდელების ეკონომიით ხსნიან: თითოეული უკანონო ემიგრანტის დეპორტაცია საშუალოდ $18000 ჯდება. გირაოების პროგრამის გაფართოება კი წელიწადში $800 მილიონამდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.
საქართველოს გარდა, განახლებულ სიაში მოხვდნენ კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.
ამ დროისთვის ვიზისთვის გირაოს გადახდა 50 ქვეყნის მოქალაქეებს უწევთ.
50 ქვეყანაში არც ერთი საქართველოს მეზობელი არ არის შეყვანილი.