„ავტომობილების გაძვირება უკვე დაწყებულია“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით კომპანია HOA Auto Import-ის დამფუძნებელმა, რეზო ტაბატაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ ავტომობილების იმპორტის ნაწილში არ იქნება შესამჩნევი და მნიშვნელოვნად დაეტყობა ადგილობრივ ბაზარსაც.

„ავტომობილები გაძვირდა – მანქანების ფასები 2000-2500 დოლარით გაიზარდა
„ადგილობრივ ბაზარზე ეს ავტომატურად გამოიწვევს ავტომობილებზე ფასის მატებას. შეგვიძლია კიდეც უკვე ცალსახად ვთქვათ, რომ მანქანების გაძვირება დაწყებულია. ამას რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი აქვს.

პირველ რიგში, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა, რომ განბაჟების ტარიფის ზრდით, გაიზრდება პროდუქტის თვითღირებულებაც. მსგავს შემთხვევაში, მყიდველს უწევს მინიმუმ, განბაჟების ტარიფით მეტი გადაიხადოს ავტომობილში.

ამას გარდა, ქვეყანაში შემოსული ავტომობილების მფლობელებმა უკვე იციან, რომ განბაჟება ძვირდება. შესაბამისად, ადამიანი ფიქრობს, თუ დღეს მანქანას გავყიდი 10 ათას დოლარად, ხვალ მსგავსი ავტომობილის შემოყვანა საქართველოში მინიმუმ, 12 ათასი დოლარი დაჯდება. გამომდინარე აქედან, უკვე დაიწყეს ფასების გაზრდა და ეს ლოგიკურიცაა.

ამასთან, მოგეხსენებათ, საქართველოში ავტომობილების წარმოება არ გვაქვს. ჩვენთან ყველა ავტომობილი შემოსულია. ძირითადი დატვირთვა ამერიკისა და სამხრეთ კორეის აუქციონებზე მოდის. წარმოიდგინეთ, იმ მცირე ჯგუფზე, რომელსაც დარჩება შესაძლებლობა ავტომობილების იმპორტი გააკეთოს, ბუნებრივ გავლენას მოახდენს განბაჟების ტარიფის საკითხი. ასეთ შემთხვევაში, აუქციონებზე მოხდება კონკურენციის გაზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იქვე გაიზრდება ფასებიც.

მთლიანობაში, მივიღებთ როგორც ჩამოყვანილი ავტომობილის გაძვირებულ ვერსიას, ისე სხვადასხვა ფაქტორს, რომელიც ადგილობრივ ბაზარსაც გააძვირებს. მოსახლეობას, ნებისმიერ მოქალაქეს მოუწევს, გაზრდილი ღირებულება გადაიხადოს ავტომობილში და ეს შეუქცევადი პროცესი იქნება“, – აცხადებს რეზო ტაბატაძე.

მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ფასები საშუალოდ 2000-2500 დოლარითაა უკვე გაზრდილი.

„ყველასთვის გასაგები ენით მინდა ავხსნა. პირობითად, 2.0-იანი ძრავის მანქანა, 2016-წლიანი „მერსედესი“, თუ 1 თვის წინ საშუალოდ, 10 ათას დოლარად იყიდებოდა, იგივე მანქანა დღეს ამ ფასად აღარ დაგხვდებათ. ბუნებრივია, ხარისხიდან გამომდინარე, ავტომობილების ღირებულება ძალიან განსხვავებულია და აქ საუბარი გვაქვს საორიენტაციო ფასზე.

ლოგიკური მომენტია, რომ ადამიანებმა გადათვალეს, ხვალ იგივე ავტომობილის ამერიკიდან ჩამოყვანა რა დაჯდება და ნახეს, რომ ეს მანქანა არა 10 ათასი, არამედ 12 000-12 500 მაინც დაჯდება. სწორედ იმ განბაჟების ნიშნულით დაიწყო მანქანებზე ფასების მატება, რომელიც განასხვავებს ძველი და ახალი ტარიფის შემთხვევებს“, – განაცხადა რეზო ტაბატაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების განბაჟების საფასური ძვირდება.

პროექტის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

ასევე იცვლება კლასიკური ავტომობილის კრიტერიუმი და მასთან დაკავშირებული ასაკობრივი ზღვარი. კერძოდ, კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის წლოვანება 30 წელს აღემატება, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 40 წლისა.

შეგახსენებთ, დღევანდელი ტარიფებით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება. მთავრობის ცვლილებით ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება, რაც აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი წლოვანების (პირობითად 2019-წლიანი) ბენზინის, 2.0 (2000 კუბური სანტიმეტრი) მოცულობის ძრავიან ავტომობილს, ახლა მისი განბაჟება საშუალოდ 1 600 ლარი ჯდება, ცვლილების შემდეგ კი 9 000 ლარი დაჯდება. 1.0-ძრავიანი თუ მანამდე 800 ლარი ჯდებოდა, ახლა მხოლოდ განბაჟების თანხა 4 500 ლარი იქნება; 1.5-ძრავიანი ახლა 1 875 ლარი ჯდება, განახლებული ტარიფით 6 750 ლარი დაჯდება;3.0-ძრავიანის განბაჟების გადასახადი 2400 ლარის ნაცვლად, 13 000 ლარი იქნება.

bpn.ge