ახალქალაქში №16 ახალი საბავშვო ბაღის გახსნა, რომელიც №5 საჯარო სკოლის (ყოფილ ინტერნატის) ტერიტორიაზე მდებარეობს, ავეჯის მოწოდების დაგვიანების გამო კვლავ განუსაზღვრელი ვადით გადაიწია.
ახალი საბავშვო ბაღი, რომელსაც უკვე მიენიჭა ნომერი 16, ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არ არის მოქმედი სკოლამდელი დაწესებულებები და ბევრი მშობელი ყოველდღიურად ელოდება ახალი საბავშვო ბაღის გახსნას ბავშვის მისაყვანად, მისი გახსნა დღემდე ფერხდება ავეჯის არქონის გამო, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF) უნდა მიეწოდებინა.
საბავშვო ბაღების გაერთიანებაში წლის დასაწყისში Jnews-ს აცნობეს, რომ ავეჯის შესყიდვის ტენდერი გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა და შედგა. გახსნა ორიენტირებულად აპრილამდე იგეგმებოდა.
თუმცა, მარტის ბოლოს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ აპრილამდე საბავშვო ბაღი არ გაიხსნება და გახსნის ზუსტი ვადები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, აღინიშნა, რომ ჭურჭლის შესყიდვის ტენდერი უკვე შედგა. გაერთიანების ინფორმაციით, ტენდერები სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ კონსოლიდირებული წესით ცხადდება.
ჭურჭლის შესყიდვის ტენდერში ასევე ჩართული იყო ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღები, ასევე სოფელ კორხის №17 საბავშვო ბაღი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ანაიდა ასატრიანმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ავეჯის, ჭურჭლის, სამეურნეო საქონლის, სათამაშოებისა და საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე ყველა ტენდერი უკვე ჩატარებულია, გამოვლენილია კომპანიები და ხელშეკრულებები გაფორმებულია. თუმცა, მოწოდების ზუსტი ვადების დასახელება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან შესყიდვები არა მხოლოდ ახალქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.
სანამ საბავშვო ბაღი საჭირო აღჭურვილობის მოწოდებას ელოდება, ათობით მშობელი კვლავ აწყდება ახალქალაქში სკოლამდელი დაწესებულებების დეფიციტის პრობლემას. ქალაქის სამი საბავშვო ბაღი რემონტისა და მშენებლობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ დაიხურა და უკვე მესამე წელია, ბევრ ბავშვს არ აქვს საბავშვო ბაღში სიარულის შესაძლებლობა.