2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.42 მილიარდ აშშ დოლარს (არსებული კურსით 25.208 მილიარდ ლარს) გადააჭარბა. ეს არის 843 მილიონი აშშ დოლარით (თითქმის 10%-ით) ზრდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას bpn.ge აქვეყნებს.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალი 8.577 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის თებერვლისთვის მთავრობის პირდაპირმა საგარეო ვალმა 9.117 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 6.92 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ — 1.592 მილიარდ აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებებმა 302.959 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის უმსხვილესი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით:

აზიის განვითარების ბანკი (ADB): 2.573 მილიარდი დოლარი;

მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD): 1.909 მილიარდი დოლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB): 1.210 მილიარდი დოლარი;

მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA): 391.991 მილიონი დოლარი;

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD): 221.788 მილიონი დოლარი;

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF): 151.939 მილიონი დოლარი.

ამრიგად, საქართველოს მთავრობას საფრანგეთის მიმართ მართებს 871.945 მილიონი დოლარი, გერმანიის მიმართ — 588.179 მილიონი დოლარი, იაპონიის მიმართ — 111.771 მილიონი დოლარი და ა.შ.