საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მისაღები ზომების შესახებ, რომლის თანახმადაც, წელს რთვლის სუბსიდირებისთვის 60 მილიონი ლარი გამოიყოფა.

დოკუმენტის მიხედვით, გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, 60 მლნ ლარი სუბსიდიის სახით ჩაირიცხება შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშზე.

„სააგენტოს დაევალა 60 მლნ ლარის მიმართვა სუბსიდიის სახით შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ანგარიშზე, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“ ქვეპროგრამის – „მოსავლის მხარდაჭერის ღონისძიებები“ – ასიგნებების ფარგლებში“, — ნათქვამია დოკუმენტში.

2026 წლის ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოიჩენს დაინტერესებას ყურძნის შესყიდვაზე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია 1 კგ ყურძნის შესყიდვის შემდეგი ფასები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ჯიშებიდან მიღებული ყურძენი: შაქრიანობა 20%-ზე მეტი — 1.30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან 20%-მდე — 80 თეთრი; შაქრიანობა არაუმეტეს 17%-ისა — 30 თეთრი. რაც შეეხება საფერავის ჯიშს: შაქრიანობა 22%-ზე მეტი — 1.50 ლარი; შაქრიანობა 17%-დან 22%-მდე — 90 თეთრი; შაქრიანობა არაუმეტეს 17%-ისა — 30 თეთრი.