„გვყავს ისეთი მომხმარებელიც, რომელსაც წონის პროდუქცია შეიძლება 50 თეთრისაც კი ჰქონდეთ – მათ გაუჭირდებათ ალტერნატიულ შესაფუთ მასალაში თანხის გადახდა“, – ამის შესახებ „რითეილ“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

საქმე ეხება პოლიეთილენის და ბიოდეგრადირებადი პარკების სრულ აკრძალვას, რაზეც „რითეილ“ სექტორში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევა ასაწონი პროდუქციაა. როგორც სოფო ქაშაკაშვილმა განმარტა, დაშვებული 50 მიკრონზე სქელი პარკები იმდენად სქელია, რომ ყოველდღიურ მოხმარებაში მისი გამოყენება ფაქტობრივად, გამორიცხულია.

„მოსახლეობის ნაწილს თანხის გადახდა გაუჭირდება“
„წელს პოლიეთილენის და ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარება „რითეილ“ სექტორში აიკრძალება სრულად. დაშვებული იქნება მხოლოდ 50 მიკრონზე უფერო სქელი პარკები, რომელიც საკმაოდ სქელია და ყოველდღიურ მოხმარებაში, ფაქტობრივად, გამორიცხულია, მას მაღაზიაში ვერ გამოვიყენებთ. ერთ-ერთ ძალიან დიდ გამოწვევად დავასახელეთ ასაწონი პროდუქცია, რადგან ჩვენ გვყავს ისეთი მომხმარებელიც, რომელსაც წონის პროდუქცია შეიძლება 50 თეთრის ან ლარისაც კი ჰქონდეთ. მათ გაუჭირდებათ ალტერნატიულ შესაფუთ მასალას თუ შევთავაზებთ, რაშიც შესაძლოა, დამატებითი თანხის გადახდა მოუწიოთ. რა თქმა უნდა, მომხმარებლისგან ველოდებით ნეგატიურ განწყობას. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, რომ კონკრეტულად „რითეილ“ სექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის.

ალბათ, ორივე რეგულაციას [ პლასტიკის ბოთლების და პოლიეთილენი აკრძალვას] აქვს კეთილშობილური მიზნები, თუმცა, რამდენად მზად არის ჩვენი მომხმარებელი და ბაზარი ამ რეგულაციების აღსრულებისთვის, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ან საკუთარი პარკებით უნდა იარონ ან მზად იყვნენ, რომ იქ გადაიხადონ. ასევე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ალტერნატიული მასალა, რომელსაც სავარაუდოდ, შევთავაზებთ, ეს იქნება მუყაოს პარკები, რომელიც არის ცოტათი უფრო ნაკლებად საიმედო, შეიძლება გაიხეს და ამანაც გამოიწვიოს უკმაყოფილება. მე მახსოვს, როდესაც ბიოდეგრადირებად პარკებზე გადავედით, მაშინაც იყო ნეგატიური დამოკიდებულება, მომხმარებლისგან, რომ ეს პარკები უფრო ადვილად ფუჭდებოდა და იხეოდა ვიდრე პლასტიკის. მუყაო კიდევ უფრო დიდი რისკებთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა სოფო ქაშაკაშვილმა.

ცნობისთვის, პლასტიკის პარკების შეზღუდვის შემდეგ, მთავრობა ერთჯერადი და მრავალჯერადი პარკების მოხმარების შეზღუდვასაც გეგმავს.