14 წლის ასაკში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სკოლის მოსწავლემ, სერგეი მურადინმა, საკუთარი შრომისა და შეუპოვრობის წყალობით, ლექსების პირველი კრებული გამოსცა. ნორჩი პოეტი ჯავახეთის ბუნებაზე, ადამიანებსა და მათ ბედზე წერს, შთაგონებას კი ოჯახში, მშობლიურ გარემოსა და ეკლესიაში პოულობს.
სერგეი მურადინი — გარეგნულად მორიდებული, თუმცა შინაგანად ძლიერი 14 წლის მოზარდია. მაისში მას 15 წელი უსრულდება. მისი მიზანდასახული საუბრის მანერა და სერიოზულობა ერთი შეხედვით არ გაფიქრებინებს, რომ ის სულ ნორჩია, თუმცა საკმარისია დაუსვათ კითხვები, რომლებიც ლექსებს არ ეხება, რომ მაშინვე შესამჩნევი ხდება მისი სიმორცხვე და ასაკი.
სერგეი 2011 წლის 6 მაისს სოფელ ხულგუმოში დაიბადა, სადაც დღემდე ცხოვრობს. ის სოფლის სკოლის მე-9 კლასში სწავლობს და კარგი აკადემიური მოსწრება აქვს. დედა დიასახლისია, მამა კი ხელოსნად მუშაობს. ოჯახში ორი შვილია: სერგეი და მისი ძმა, რომელიც მასზე ხუთი წლით უმცროსია.
პოეზიის სიყვარული და რწმენა, სერგეის თქმით, მას ოჯახიდან გამოჰყვა. მისი პაპა, რომელიც ასევე სერგეი მურადინი იყო, ლექსებს წერდა, თუმცა ის ძალიან ადრე გარდაიცვალა და მისი ნაწარმოებები არასოდეს გამოქვეყნებულა. დღეს უმცროსი სერგეი ოცნებობს, რომ პაპის ლექსების ცალკე წიგნი გამოსცეს.
სერგეი ღრმად მორწმუნე ადამიანია. რწმენა მას მშობლებმა ჩაუნერგეს. იგი სიამოვნებით დადის თავის სოფელში მდებარე წმინდა სტეფანეს ეკლესიაში. ხულგუმო კათოლიკური სოფელია და ეკლესიას ადგილობრივების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სერგეის თქმით, სწორედ ეკლესიამ ასწავლა მას ბევრი რამ. უკვე მეოთხე წელია, ის ტაძარში ეხმარება მღვდელმსახურებს და საეკლესიო მსახურად მუშაობს.
„ეკლესიაში მსახურებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. იქ ბევრ რამეს ვსწავლობ“, — ამბობს სერგეი.
სწორედ იქ გაიცნო მან მღვდელი ტერ რუბენ მისიასიანი. ეს ნაცნობობა მისთვის ბედისწერის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. მოძღვრის მხარდაჭერით, 14 წლის ასაკში სერგეის საკუთარი ლექსების წიგნი აქვს.
„ტერ რუბენის დახმარებით გავიცანი მხითარიანთა გიმნაზია და იქ მოღვაწე მღვდელი — მამა ეღია. დავახლოვდით. მან მოისმინა ჩემი ლექსები და სურვილი გამოთქვა, რომ საკუთარი წიგნი მქონოდა. სწორედ ისინი დამეხმარნენ მის გამოცემაში“, — ყვება სერგეი.
ლექსების წერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო. მისი თქმით, შთაგონების მთავარი წყარო ჯავახეთის ბუნებაა.
„როდესაც ჩვენს ბუნებაში ვსეირნობ, ჩნდება სურვილი, რომ თუნდაც ერთი კატრენი (ოთხტაეპედი) დავწერო. ვიწყებ წერას და ასე იბადება ახალი ლექსები. ჩემი პირველი მსმენელები ჩემი ოჯახის წევრები არიან, განსაკუთრებით კი — ბებია“, — ამბობს ნორჩი პოეტი.
სწორედ ბებია იყო ის, ვინც მისი პირველი ლექსები წაიკითხა. მათ ბებია აღფრთოვანებაში მოიყვანეს და შვილიშვილს წერის გაგრძელებისკენ უბიძგეს.
დღეისათვის სერგეის 44 ლექსი აქვს დაწერილი. მამა ეღიასა და მხითარიანთა გიმნაზიის მხარდაჭერით გამოცემულ წიგნში მათგან 37 შევიდა. კრებულს „სველი ჭრილობები“ ეწოდა და იგი ოთხ ენაზე — სომხურ, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა გამოცემული.
„ჩემი ლექსები ადამიანებზეა, სიკვდილზე, დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭებზე, ერაბლურზე. დიდი ხანია ვოცნებობდი, რომ საკუთარი წიგნი მქონოდა. ჯერჯერობით ამის შესახებ თითქმის არავინ იცის. შესაძლოა, სწორედ თქვენი საშუალებით გაიგონ“, — ამბობს სერგეი.
წიგნის პოვნა თბილისისა და ერევნის წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი, ახალქალაქში კი სერგეი მას თავად ყიდის. ჯერჯერობით კრებულის შესახებ ბევრმა არ იცის, მათ შორის — არც მისმა მასწავლებლებმა და თანაკლასელებმა.
სერგეის ცოტა მეგობარი ჰყავს. ახალგაზრდულ ცენტრში თანატოლებთან კი ურთიერთობს, თუმცა მათ ახლო მეგობრებად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ოჯახთან ურთიერთობა მისთვის სრულიად საკმარისია.
„ჩემი ოჯახი მაძლევს ძალას, განსაკუთრებით კი ბებიაჩემი — ნურიცა მურადინი“, — ამბობს ის.
სერგეი ასევე ამზადებს საეკლესიო სანთლებს და ყიდის მათ. იგი მონაწილეობს პოეზიის საღამოებში „გური ეთერა“, დადის ახალგაზრდულ ცენტრში, სწავლობს დოლზე დაკვრას, მანამდე კი ხატვის წრეზეც დადიოდა.
მიუხედავად ეკლესიასთან მჭიდრო კავშირისა, სერგეი სასულიერო პირად გახდომას არ გეგმავს. იგი ოცნებობს, გახდეს იურისტი და დაეხმაროს ადამიანებს. მისი თქმით, სწორედ ამ ღირებულებებს ასწავლის მას ეკლესია.
„მინდა იურისტი გავხდე, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ხშირად ვხედავ, რომ ხალხი უსამართლობას, სევდასა და წყენას აწყდება. მინდა ვებრძოლო უსამართლობას, რათა ადამიანები იყვნენ თანასწორნი და არ ყოფდნენ მათ მდიდრებად და ღარიბებად“, — ამბობს სერგეი.
სერგეი სწავლის გაგრძელებასა და სომხეთში ცხოვრებაზე ოცნებობს. მას იმედი აქვს, რომ მისი ლექსები საკუთარ მკითხველს იპოვის. მანამდე კი სერგეი წერას განაგრძობს, რაშიც მშობლიური ჯავახეთის ბუნება და ოჯახის მხარდაჭერა ეხმარება.
