საქართველოში ერთ ადამიანზე მობილური ინტერნეტის მოხმარების საშუალო თვიური მოცულობა თითქმის 16 GB-ს შეადგენს, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ბათუმში მიმდინარე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის მონაცემებით, გულორდავამ ტელეკომუნიკაციების ბაზარზე არსებული ტენდენციების ძირითადი ასპექტები შეაჯამა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლო მონაცემებით, მობილური კავშირის აბონენტების რაოდენობა 6,4 მილიონია, საიდანაც „მაგთიკომს“ 2,6 მლნ, „სილქნეტს“ – 2,3 მლნ, ხოლო „სელფი მობაილს“ — 1,5 მლნ აბონენტი ჰყავდა.

რაც შეეხება ერთ ადამიანზე მობილური ინტერნეტის მოხმარებას თვეში, ComCom-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის 16 გბ-ს შეადგენს და ყოველწლიურად იზრდება. ტენდენციების მიმოხილვისას გოგა გულორდავა ფიქსირებულ ინტერნეტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, მისი აბონენტების რაოდენობა 1 208 000-ს შეადგენს, ხოლო დაფარვის დონე ყველა შინამეურნეობის 97%-ია.