სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ამ დროისთვის იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, პაციენტს უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და სამედიცინო პროცედურა.

კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი კუჭიდან მასიური სისხლდენა გახდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ნარჩუნდება გარკვეული რისკები.

„ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ასაკისა და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვებაც და ყველა საჭირო ღონისძიების გატარებაც საიმისოდ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. რა თქმა უნდა, დაკვირვება გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.