კიოლნის ცნობილი გოთური საკათედრო ტაძარი, რომელიც გერმანიაში ყველაზე მონახულებად ტაძრად ითვლება და ამ კოლორიტული ქალაქის სავიზიტო ბარათია, ივლისიდან ტურისტებისთვის ფასიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას WDR ავრცელებს.
ახლახან კიოლნის საკათედრო ტაძრის კაპიტულმა, ანუ საბჭომ განაცხადა, რომ სულ რამდენიმე თვეში ღვთისმსახურების საათებს მიღმა ვიზიტორებს ტაძრის მოსანახულებლად საფასურის გადახდა მოუწევთ.
გოთურ ტაძარში შესვლაზე ფასის დაწესება მისი მოვლა-პატრონობის, ასევე, დაახლოებით, 170-კაციანი პერსონალისთვის ხარჯის ზრდამ განაპირობა.
ამასთან, ტაძრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გადასახადი ვიზიტორთა რაოდენობას შეამცირებს და ღირსშესანიშნაობაზე დატვირთვას შეამსუბუქებს.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის ვიზიტორებისთვის საწყისი ზომები გასულ წელსაც დაწესდა. კერძოდ, კოშკზე ასასვლელად და საკათედრო ტაძრის საგანძურის მოსანახულებლად ფასი გაიზარდა, თუმცა ამან საკმარისი შემოსავალი არ გამოიმუშავა. ასევე, პერსონალის საჭიროების შესამცირებლად ტაძრის მთავარი შესასვლელის გახსნის საათებიც შეიცვალა.
შესვლის საფასური ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, დაახლოებით, 8 ევრო ეღირება. ამჟამად, ტაძრის ინტერიერში შესვლა უფასოა, ხოლო კოშკზე ასვლა და ტაძრის საგანძურში შესვლა 8 ევრო ღირს, ამიტომაც ანალიტიკოსები ახალი საფასურის საწყის წერტილად სწორედ ამ თანხას ასახელებენ.
ჯერ უცნობია, დაწესდება თუ არა საერთო ბილეთი ტაძრის მთელი ნაგებობის დასათვალიერებლად.
ცნობისთვის: 1-ელი თებერვლიდან რომის ექვსი აქამდე უფასო ძეგლის, მათ შორის, ცნობილი ტრევის შადრევნის მონახულება ტურისტებისთვის ფასიანი გახდა. მაგალითად, ტურისტები ტრევის შადრევნის წინა აუზთან მოსახვედრად უკვე 2 ევროს იხდიან, თუმცა ღამით მისი მონახულება კვლავ უფასოა. მოელიან, რომ მხოლოდ ტრევის შადრევნის ბილეთები ქალაქს წელიწადში, დაახლოებით, 6,5 მლნ ევროს მოუტანს, ხოლო მთლიანი დამატებითი შემოსავალი წელიწადში 10-20 მლნ ევროს მიაღწევს.
წყარო:bpn.ge