2026 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 295,32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17,1%-ით (43,0 მლნ აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის თებერვალში საქართველოში გადმორიცხული იყო 252,28 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თებერვალში გზავნილების ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის — 44,9%, რაც 132,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (წლიური ზრდა 19,7%). ევროკავშირის ქვეყნებს შორის აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი გზავნილების მთლიან მოცულობაში.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 19%-ით გაიზარდა.
გამოცემა „BusinessPressNews“ წარმოგიდგენთ იმ 10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც 2026 წლის თებერვალში ყველაზე დიდი თანხები გადმოირიცხა:
აშშ – 54,339 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 14,79%)
იტალია – 52,846 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 19,07%)
რუსეთი – 36,015 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 18,78%)
ისრაელი – 25,358 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 16,71%)
გერმანია – 24,390 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 21,54%)
საბერძნეთი – 23,729 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 21,77%)
თურქეთი – 10,853 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 32,05%)
ესპანეთი – 7,771 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 37,65%)
საფრანგეთი – 5,895 მლნ აშშ დოლარი (ზრდა – 24,86%)
ყაზახეთი – 5,856 მლნ აშშ დოლარი (კლება – 5,41%)
ამასთანავე, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მილიონი აშშ დოლარი გადაიგზავნა. ეს 14,8%-ით მეტია 2025 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (28,7 მილიონი აშშ დოლარი).