ტელეკომპანია “იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს. ცვლილების რეგისტრაციისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13 მარტს მიმართა.
საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი 12 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ახალმა შემადგენლობამ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ კი – ნათია სონღულაშვილი.
დოკუმენტის მიხედვით, განახლებული სამეთვალყურეო საბჭო ახლა 7 წევრისგან შედგება, ესენია:
ირაკლი ჩიხლაძე (საბჭოს თავმჯდომარე) – „იმედის კვირის“ წამყვანი, მის საკუთრებაშია ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილი;
ნათია სონღულაშვილი (საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) – „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მესაკუთრე;
მაგდალინა ანიკაშვილი – „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი;
მარიამ ლომიძე – ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, „იმედის“ მფლობელი კომპანიის დირექტორი და მისი 10%-იანი წილის მესაკუთრე;
ვასილ კალანდარიშვილი – „იმედის“ ფინანსური დირექტორი, ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მესაკუთრე;
მაია ჩიგოშვილი – „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი, ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მესაკუთრე;
ილია მიქელაიშვილი – „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილის მესაკუთრე.
რეესტრისთვის წარდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტით, გარდა საბჭოს შემადგენლობის ცვლილებებისა, 12 მარტის გადაწყვეტილებით, „იმედის“ მფლობელმა კომპანიამ 9„ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი”), „ტელეიმედის“ განთავსებული კაპიტალი 30 მლნ ლარის ოდენობით განსაზღვრა და ახალი წესდებაც დაამტკიცა.
შეგახსენებთ, 25 თებერვლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, ტელეკომპანიის დირექტორი მაკა ლომიძე ფიქსირდებოდა. დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, საბჭოს სამ წევრთან – დავით შონიასთან, გიორგი კალანდარიშვილთან და გიორგი ბახტაძესთან ერთად, საბჭოს წევრის პოზიციები დატოვა.
წყარო:.bpn.ge