საინტერესოა, რა რესურსები იყო საჭირო იმისთვის, რომ 1820-იან, 1850-იან ან 1900-იან წლებში ადამიანი მსოფლიოში უმდიდრესი პერსონა გამხდარიყო და შესაბამისი სტტაუსი მოეპოვებინა.
როგორ გამოიყურება მათი კაპიტალი დღევანდელ რეალობასთან შედარებით, სადაც უზარმაზარი ქონება მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელშია კონცენტრირებული?
სტატიაში წარმოგიდგენთ თითოეული ათასწლეულში მცხოვრებ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს. სიაში არ არიან შეყვანილი სამეფო ოჯახის წევრები და სახელმწიფოს მეთაურები.
ვინ არიან ათწლეულების ყველაზე მდიდარი ადამიანები
1820-იანი წლები: სტივენ ჯირარდი – ფრანგული წარმოშობის ამერიკელი ვაჭარი და ბანკირი იყო. მან ქონება საქონლის იმპორტ-ექსპორტით დააგროვა. 1811 წელს დააარსა საკუთარი ბანკი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მთავარი კრედიტორი იყო 1812 წლის ომის დროს.
გარდაცვალებისას მისი ქონება 7.5 მილიონ დოლარს შეადგენდა (დღევანდელი 270 მლნ დოლარი), რომელიც თითქმის სრულად ქველმოქმედებას მოახმარა.
1830-იანი წლები: ნათან მეიერ როტშილდი – როტშილდების საბანკო დინასტიის წარმომადგენელი.
გერმანიიდან ინგლისში გადასვლის შემდეგ, მან ტექსტილისა და საბანკო ბიზნესით უზარმაზარი ქონება შექმნა. მისი სიმდიდრე ბრიტანეთის ეროვნული შემოსავლის 0.62%-ს შეადგენდა.
1840-იანი წლები: ჯონ ჯეიკობ ასტორი – გერმანელი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკაში ბეწვეულით ვაჭრობის მონოპოლია შექმნა. გარდა ამისა, ის აქტიური იყო უძრავი ქონებისა და ოპიუმის ინდუსტრიაში. 1848 წლისთვის მისი ქონება 20 მილიონი დოლარი იყო (დღევანდელი 825 მლნ დოლარი).
1850-იანი – 1870-იანი წლები: კორნელიუს ვანდერბილტი – თვითნაბადი ტაიკუნი, რომელმაც კარიერა საბორნე გადაზიდვებით დაიწყო, შემდეგ კი გემთმშენებლობისა და რკინიგზის იმპერია შექმნა.
ის იყო ამერიკის ერთ-ერთი პირველი მეგა-კორპორაციის, “New York Central”-ის დამფუძნებელი. გარდაცვალებისას (1877 წ.) მისი ქონება 105 მილიონ დოლარს (დღევანდელი 3.3 მლრდ დოლარი) აღწევდა.
1880-იანი წლები: უილიამ ჰენრი ვანდერბილტი – კორნელიუსის უფროსი ვაჟი, რომელმაც მამის რკინიგზის იმპერია კიდევ უფრო გააფართოვა.
მან ოჯახის ქონება გააორმაგა და 1885 წლისთვის 232 მილიონ დოლარს (დღევანდელი 7.8 მლრდ დოლარი) ფლობდა.
1890-იანი წლები: ჯონ როკფელერი – “Standard Oil”-ის თანადამფუძნებელი.
მან აშშ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 90% ჩაიგდო ხელში. მოგვიანებით ის გახდა მსოფლიოს პირველი მილიარდერი (1916 წ.).
1900-იანი წლები: ენდრიუ კარნეგი – ფოლადის ინდუსტრიის მაგნატი.
1901 წელს მან თავისი კომპანია “Carnegie Steel” ჯეი პი მორგანს 480 მილიონ დოლარად (დღევანდელი 18 მლრდ დოლარი) მიჰყიდა. მისი მაქსიმალური ქონება დღევანდელი კურსით 400 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
1910-იანი – 1930-იანი წლები: ჯონ როკფელერი – 1913 წელს მისი ქონება 900 მილიონი დოლარი იყო (დღევანდელი 28.6 მლრდ დოლარი). ის სიკვდილამდე (1937 წ.) მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩებოდა.
1940-იანი წლები: ჰენრი ფორდი – “Ford Motor Company”-ის დამფუძნებელი, რომელმაც ავტომობილების მასობრივი წარმოების რევოლუცია მოახდინა. 1947 წლისთვის მისი ქონება დღევანდელი 205 მილიარდი დოლარის ტოლფასი იყო.
1950-იანი – 1970-იანი წლები: ჯეი პოლ გეტი – ნავთობის მაგნატი, რომელმაც ქონება ახლო აღმოსავლეთში ნავთობმომპოვებელი მიწების იჯარით დააგროვა. 1966 წელს გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აღიარა. ცნობილი იყო თავისი განსაკუთრებული სიძუნწით.
1980-იანი წლები: იოშიაკი ცუცუმი – იაპონელი უძრავი ქონების მაგნატი.
იაპონიის უძრავი ქონების ბუმის დროს, 1987 წელს, მისი ქონება 20 მილიარდ დოლარს (დღევანდელი 57.3 მლრდ დოლარი) შეადგენდა.
1990-იანი წლები: ბილ გეითსი – “Microsoft”-ის დამფუძნებელმა პირველად 1995 წელს დაიკავა Forbes-ის სიის სათავე. 1999 წელს მისი ქონება 100 მილიარდ დოლარს აჭარბებდა (დღევანდელი 195 მლრდ დოლარი).
2000-იანი წლები: უორენ ბაფეტი – “Berkshire Hathaway”-ის აღმასრულებელი დირექტორი.
2008 წელს მან დროებით ჩაანაცვლა ბილ გეითსი პირველ ადგილზე, როდესაც მისი ქონება 62 მილიარდ დოლარს (დღევანდელი 93.6 მლრდ დოლარი) აღწევდა.
2010-იანი წლები: ჯეფ ბეზოსი – ამ ათწლეულში პირველობას ბილ გეითსი, კარლოს სლიმი და ჯეფ ბეზოსი ინაწილებდნენ. 2018 წელს “Amazon”-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი 160 მილიარდი დოლარით (დღევანდელი 207 მლრდ დოლარი) ლიდერი გახდა.
2020-იანი წლები: ილონ მასკი – ათწლეულის დასაწყისში ლიდერი კვლავ ბეზოსი იყო, თუმცა ბოლო წლებში პირველ ადგილს ილონ მასკი იკავებს.
2026 წლის მონაცემებით, მისი ქონება 835 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მასკი ითვლება მთავარ კანდიდატად, რომელიც მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდება.
წყარო: lovemoney.com