ახალქალაქი მდიდარია თავისი მრავალფეროვანი სოფლებით და, განსაკუთრებით, თითოეულ სოფელთან დაკავშირებული ისტორიებით. ჩვენი სოფლები გამოირჩევიან არა მხოლოდ თავისი უნიკალური დიალექტით, არამედ ყურადღებას იპყრობენ გამორჩეული სახელწოდებებითა და მათი განმარტებებით.

იმის დასადგენად, თუ რამდენად ფლობენ ინფორმაციას თავად სოფლის მცხოვრებლები საკუთარი სოფლების სახელწოდებების წარმოშობისა და მათი მნიშვნელობის შესახებ – როგორც იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის – Jnews-მა ესაუბრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მცხოვრებლებს. წარმოდგენილ სახელწოდებებს შესაძლოა არ ჰქონდეს ოფიციალური ან ისტორიული საფუძველი, ჩვენ უბრალოდ ვაქვეყნებთ იმას, რაც თავად მოსახლეობამ იცის საკუთარი სოფლების შესახებ.

სირკვა: ბევრისთვის სირკვა ცნობილია, როგორც „პატარა კაჭო“. მისი სახელწოდება წარმოიშვა მთა „სირკმის“ სახელიდან.

სულდა: ამ დასახლების სახელი უკავშირდება მეფე წუნდას სახელს, რომელიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნა „სუნდად“, მოგვიანებით კი – „სულდად“.

ვაჩიანი: სახელწოდების წარმოშობის შესახებ ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, როდესაც დევნილები მთიდან ეშვებოდნენ, ამბობდნენ „ვარ იჯანქ“ (ქვემოთ ჩავედით), რისგანაც წარმოიქმნა სოფლის სახელი. მეორე ვერსიით, სახელი უკავშირდება ერთ-ერთ პირველ მოსახლეს – ვაჩეს.

ვარევანი: ხალხური გადმოცემით, ამ სოფელში ვინმე ვაჰანი ყანის მოსახნავად წასულა და მინდორში უბრალოდ გაჩერებულა. ხალხს დაუძახია: „ვარე, ვაჰან!“ (მოხანი, ვაჰან!). სწორედ ამ სიტყვების შეერთებით გაჩნდა სახელწოდება ვარევანი.

ტრკნა: მონღოლურიდან თარგმანში „ტრკნა“ ნიშნავს წყაროს. სოფლის ქვეშ წყალია და ტერიტორია სავსეა ჭებით.

ტურცხი: გადმოცემის თანახმად, ამ სოფლის სახელი უკავშირდება რუსულ გამოთქმას „ტრი ცერკვი“ (სამი ეკლესია). ყვებიან, რომ აქ სამი კათოლიკური ეკლესია იდგა, რომელთა დანგრევაც ვერ შეძლეს, რამაც დაუდო საფუძველი სოფლის სახელს.

სამსარი: სოფლის მცხოვრებთა თქმით, სამსარი ნიშნავს „ნაზს მივცემ“ (ნაზ კტამ) ან ცვალებად კლიმატს – როდესაც შუადღემდე ერთი ამინდია, შემდეგ კი სხვა. არსებობს სხვა განმარტებაც: დასავლეთ სომხეთში გადასახადების ამკრებებს „სამსარებს“ ეძახდნენ და სოფლის სახელიც აქედან მოდის.

ქარსეფი: სოფლის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „ქარი ცეპ“, რაც ქვების ჯაჭვს ნიშნავს. სხვა ვერსიით, იგი ქართულ სიტყვა „ქარს“ უკავშირდება, როგორც ქარიანი ადგილი.

ოლავერდი: ამ სოფლის სახელის წარმოშობა ასეთ ისტორიას უკავშირდება: როდესაც წინაპრები პირველად მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ცივი წყაროს წყალი დაულევიათ და უთქვამთ: „ოჰ, ლავ ერ“ (ოჰ, კარგი იყო).

ორჯა: ორჯას შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. პირველის თანახმად, ქართველებმა შორიდან დაინახეს ეკლესიის ჯვრები და წამოიძახეს: „ორი ჯვარი“, რაც მოგვიანებით „ორჯად“ იქცა. მეორე ვერსიით, სოფლის დაარსებამდე აქ არსებობდა თურქული სოფელი ამავე სახელით და ახალმოსახლეებმა ძველი სახელი შეინარჩუნეს.

სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთა ნაამბობი აჩვენებს, რომ ახალქალაქის რაიონის სოფლების სახელწოდებების წარმოშობა ძირითადად ზეპირსიტყვიერი გადმოცემებითაა შემონახული და ხშირად რამდენიმე ვერსიას მოიცავს.

ამ კვირას Jnews-მა 10 სოფლის სახელწოდების შესახებ მოამზადა მოკლე ინფორმაცია. ამიერიდან, ყოველ კვირას პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვა სოფლების ისტორიებსაც.

თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას თქვენი სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ და გსურთ დამატებითი ცნობების გაზიარება, Jnews  მზადაა ისინიც ასახოს და მასალა პერიოდულად განაახლოს.