საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია – მუშაობის კრიზისულ რეჟიმზე გადადის. ამიერიდან, საია სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სასამართლო დავების ფარგლებში გაწევს.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პარლამენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული მზღუდავი კანონები: მათ არსებითად შეავიწროვეს უფლებადაცვითი საქმიანობის სივრცე, რამაც გავლენა საია-ს მუშაობაზეც იქონია.
„დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ვითარებაში მუშაობენ. 2024 წლიდან მიღებული არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და/ან სრული გაუქმებისკენ“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1994 წელს დაფუძნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია ხელისუფლების ყველა შტოს საქმიანობის მონიტორინგი, კონტროლი და მათ მიერ ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა. საია-ს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საერთაშორისო ადვოკატირება და ანგარიშების მომზადება გაეროსთვის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსთვის.
ახლა ორგანიზაცია იძულებულია საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეკვეცოს. ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რეპრესიულმა გარემომ“ არა მხოლოდ ისინი, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აიძულა, სრულად შეეწყვიტათ ან მკვეთრად შეემცირებინათ თავიანთი საქმიანობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის რეალურმა რისკმა მათ მუშაობაზე მუდმივი ზეწოლა შექმნა.
თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უკვე მოუწია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების შეზღუდვა, მათ შორის იმ პროგრამების, რომლებიც მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 31 წელზე მეტია ემსახურება საქართველოს კონსტიტუციურ ინტერესებს, იცავს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. დაარსების დღიდან საია-ს უფლებადამცველებმა 1,3 მილიონზე მეტი უფასო იურიდიული კონსულტაცია და მომსახურება გასცეს.
ორგანიზაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ადამიანებს საქართველოს 9 რეგიონში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, დუშეთში, რუსთავსა და თელავში. ამ მხარდაჭერის წყალობით, ათასობით მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში“.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიიღო რამდენიმე კანონი, რომლებსაც ოპონენტებმა და უფლებადამცველებმა რეპრესიული უწოდეს. სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებზე გავლენა, პირველ რიგში, შემდეგმა აქტებმა იქონია: