2026 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 39%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარში იმპორტირებულია 149.9 მლნ დოლარის ღირებულების 9 264 ერთეული ავტომობილი, ხოლო 2025 წლის იმავე თვეში 247.8 მლნ დოლარის ღირებულების 14 004 ერთეული.
აღსანიშნავია, რომ წელსაც ავტომობილების იმპორტში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა. კერძოდ, 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2026 წლის იანვარში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილები შემოიყვანა, ასე გამოიყურება:
აშშ – 84.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6 994 ერთეული;
იაპონია – 19.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 851 ერთეული;
გერმანია – 13.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 172 ერთეული;
გაერთიანებული სამეფო – 7.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 68 ერთეული;
თურქეთი – 6.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 152 ერთეული.
ვის ეკუთვნის ავტომობილების იმპორტიორი ტოპ-10 კომპანია?
დავინტერესდით, რომელმა კომპანიებმა განახორციელეს 2026 წლის იანვარში ყველაზე მეტი ღირებულების ავტომობილების იმპორტი. „ბიზნესპრესნიუსისთვის“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის ავტომობილების იმპორტიორი ტოპ-10 კომპანია.
„კავკასიის ავტოიმპორტი“ სამეწარმეო რეესტრში 2004 წელს დარეგისტრირდა. წილების 27.9%-ს ლევან სურგულაძე ფლობს, 34.875% გიორგი სურგულაძეს ეკუთვნის, 27.225%-ის მესაკუთრე გიორგი გულაშვილია, დარჩენილ 10%-ს კი დავით გულაშვილი ფლობს.
სამეწარმეო რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა „ბი თუ ბი“. მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იან წილს ნინო გველესიანი ფლობს, დირექტორის თანამდებობას კი გიორგი შალამბერიძე იკავებს.
შპს „ტოიოტა კავკასია“ ბიზნეს რეესტრში 2006 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად ფლობს იაპონიაში დაფუძნებული კომპანია „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი“. დირექტორის თანამდებობას იაპონიის მოქალაქე ტოშინარი საკაბე იკავებს.
შპს „ქარსინდიგო გე“ სამეწარმეო რეესტრში 2024 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილების სრული მესაკუთრე გიორგი ბეჭვაიაა, რომელიც დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.
შპს „ელ თის“ მესაკუთრე შპს „სარდა საქართველოა“. ამ უკანასკნელის წილებს კი სრულად ფლობს შვეიცარიის მოქალაქე რაუფ ხალილოვი. „ელ თი“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს.
შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ ბიზნეს რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მის წილებს სრულად ფლობს „თეგეტა მოტორსი“, რომლის 98.78%-ს შპს „თი ჯი ემ ჯგუფი“, ხოლო 1.22%-ს თემურ კოხოძე ფლობენ.
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანიის წილებს სრულად ფლობს „თეგეტა მოტორსი“.
შპს „ჯი-თი მოტორსი“ რეესტრში 2007 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილებს სრულად ფლობს შპს „ჯი-თი გრუპი“. ამ უკანასკნელის მეწილეები ასე ნაწილდება: გიორგი გველესიანი (33.3%), გიორგი თავდიშვილი (33.3%) და თემურ უსტიაშვილი (33.3%).
2020 წელს დაფუძნდა „გლობალ აუტო იმპორტ“-ი. კომპანიის მფლობელი მიხეილ ზღუდაძეა. ზღუდაძე თავად იკავებს დირექტორის პოსტსაც.
შპს „კავკასუს მოტორსი“ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში დირექტორის თანამდებობას გიორგი ამაშუკელი იკავებს. რაც შეეხება წილებს, მესაკუთრე შპს „იბერია ბიზნეს ჯგუფია“. ამ უკანასკნელის მფლობელი „შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგ“ -ია, აი-ბი-ჯი ჰოლდინგის მეწილეები კი ასე გამოყურება:
თამარ გვაზავა – 15%;
შპს „სოლემარტი“ – 5%;
დავით ფერაძე – 35%;
დავით ხეჩიკაშვილი – 40%;
სნეჟანა კოტოვა (რუსეთ-საქართველოს მოქალაქე) – 5%.