ირანისა და ისრაელის ომის დასრულების პერსპექტივები ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. თუმცა, ირანისტ არმენ ვარდანიანის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი ხანგრძლივ მასშტაბურ ომში გადაიზარდოს. იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება დაპირისპირება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას სამხრეთ კავკასიისთვის და როგორ აისახება იგი სხვადასხვა ქვეყნებზე…
-როგორ აფასებთ მიმდინარე სიტუაციას ირან-ისრაელის ომში? შესაძლოა თუ არა იგი ხანგრძლივ რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს?
-ომის დასასრული ჯერ არ ჩანს – „სინათლე გვირაბის ბოლოს“ ჯერ კიდევ არ მოსჩანს. მხარეები აგრძელებენ დამანგრეველ და კატასტროფულ დაპირისპირებას. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ომი არ იქნება ხანგრძლივი, რადგან ორივე მხარე ძალიან სერიოზულ დანაკარგებს განიცდის — როგორც ირანი, ისე ისრაელ-აშშ-ის ტანდემი.
ერთი მხრივ, არცერთ მხარეს არ აწყობს ასეთი დიდი დანაკარგების გაგრძელება. მეორე მხრივ — ამ კონფლიქტში ნაკლებად სავარაუდოა სიტუაცია, როდესაც რომელიმე მხარე კაპიტულაციას მოაწერს ხელს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთ-ორ კვირაში საბრძოლო მოქმედებები შეიძლება დასრულდეს და კონფლიქტმა არ მიიღოს ისეთი მასშტაბური ხასიათი, როგორიც, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომია.
-როგორ შეიძლება ამ ომმა იმოქმედოს სამხრეთ კავკასიაზე? შეცვლის თუ არა იგი რეგიონში არსებულ ვითარებას?
– არა, სამხრეთ კავკასიაზე ის პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, რადგან რეგიონის ქვეყნები ამ კონფლიქტში ჩართულნი არ არიან. ნახიჩევანის აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებსაც კი არ მოჰყოლია ომი ირანსა და აზერბაიჯანს შორის.
ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ არსებულ სიტუაციაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დაწყების წინაპირობები არ არსებობს. ამიტომ, არ მგონია, რომ ამ კონფლიქტმა სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები ან სამხრეთ კავკასიაში ძალთა ახალი გადანაწილება გამოიწვიოს.
– რა რისკები არსებობს სომხეთისა და საქართველოსთვის?
– პირდაპირი რისკები არ არსებობს. თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხეთმა და საქართველომ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, შესაძლოა გარკვეული ზარალი განიცადონ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ რეგიონული ლოგისტიკური მარშრუტები დარღვეულია: ბევრმა სატრანსპორტო გზამ ან შეწყვიტა მუშაობა, ან შეფერხებებით ფუნქციონირებს.
ამრიგად, შედეგები ძირითადად ეკონომიკური ხასიათის იქნება. უფრო სერიოზულ, გრძელვადიან შედეგებს მე არ ველოდები.
-მზად არის თუ არა სომხეთი ლტოლვილების მისაღებად?
– არ ვფიქრობ, რომ ეს სომხეთისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს. ჯერ ერთი, მათი რაოდენობა არც ისე დიდია. მეორეც, სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად არ უზრუნვიათ მათ განთავსებაზე.
ლტოლვილების ნაკადი ნამდვილად იყო, თუმცა ამ ადამიანთაგან ბევრმა დამოუკიდებლად იპოვა საცხოვრებელი და მოეწყო. ეს არ გამხდარა სერიოზული ტვირთი სახელმწიფოსთვის, რადგან ხელისუფლებას მათთვის არც ბინა გამოუყვია და არც საარსებო სახსრები.
ამასთან, უფრო მეტი ადამიანი აზერბაიჯანისკენ გაემართა -დაახლოებით 2500 კაცი, მაშინ როცა სომხეთში მათმა ნაკლებმა რაოდენობამ ჩააღწია.
– რა სცენარებია მოსალოდნელი უახლოეს ერთ-ორ კვირაში?
-თავდაპირველად დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ომი შესაძლოა 4–6 კვირას გაგრძელდეს. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ მოვლენები იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ვარაუდობდა. ამიტომ, ჩემი აზრით, საბრძოლო მოქმედებები შეიძლება კიდევ ერთ-ორ კვირას გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს.
სომხეთისთვის მე რაიმე პრობლემურ სცენარებს ვერ ვხედავ. სავარაუდოდ, გარკვეულ ეტაპზე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან და ომის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, როგორც ეს მოხდა გასულ წელს ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დროს. მაშინ ორივე მხარე გამოიფიტა, სერიოზულ სამხედრო სირთულეებს შეეჯახა და იძულებული გახდა, ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო. ვფიქრობ, ახლაც დამქანცველი დაპირისპირება მხარეებს ზავისკენ უბიძგებს.
-მართლაც გახდა თუ არა ომის მიზეზი ირანის ბირთვული იარაღის საკითხი, თუ სხვა მიზეზებიც არსებობდა?
-მთლიანობაში, კონფლიქტი ნამდვილად უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას. თუმცა, დროთა განმავლობაში აშშ-მა მოთხოვნები გაამკაცრა. თუ ადრე საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ირანს არ გაემდიდრებინა ურანი იმ დონემდე, რაც ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას იძლევა, მოგვიანებით ახალი პირობები წამოაყენეს. კერძოდ, აშშ-მა მოითხოვა, რომ ირანს უარი ეთქვა თავის სარაკეტო პროგრამაზეც.
ვაშინგტონის აზრით, ირანულ რაკეტებს შეუძლიათ დაარტყან მიზნებს 2000 კილომეტრის ან მეტ დისტანციაზე და გადაიტანონ ბირთვული ქობინები, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელს.
ურანის გამდიდრების საკითხზე მხარეები რაღაც მომენტში თითქოს შეთანხმდნენ; ირანი თანახმა იყო, ურანი მხოლოდ დაახლოებით 5%-მდე გაემდიდრებინა, რაც გამოიყენება ექსკლუზიურად მშვიდობიანი მიზნებისთვის — მაგალითად, როგორც ჩვენთან მეწამორის ატომურ სადგურზე და ჩვეულებრივ ატომურ ელექტროსადგურებზე.
თუმცა, ურანის 60%-მდე გამდიდრება უკვე ქმნის ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობას. ირანი აცხადებდა, რომ ფლობს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებულ ურანს დაახლოებით 11 ქობინის შესაქმნელად. სწორედ ამან გამოიწვია აშშ-ისა და ისრაელის სერიოზული შეშფოთება, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა კიდეც ამჟამინდელ კონფლიქტამდე.
– იყო თუ არა ეს ომი მომგებიანი აზერბაიჯანისთვის?
– გარკვეულწილად დიახ, რადგან ნავთობზე მსოფლიო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აზერბაიჯანმა, როგორც ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყანამ, შესაძლოა სერიოზული მოგება მიიღოს.
ომამდე ნავთობის ბარელის ფასი დაახლოებით 70 დოლარი იყო, ახლა კი იგი 100 დოლარს უახლოვდება. ეს აზერბაიჯანს დამატებით ასობით მილიონ დოლარს მოუტანს.
რა თქმა უნდა, არსებობს მეორე მხარეც: აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ასევე განიცდის ეკონომიკურ სირთულეებს. გარდა ამისა, ლტოლვილების ნაკადი აზერბაიჯანში უფრო დიდია, ვიდრე სომხეთში, რაც დაკავშირებულია ირანის ჩრდილოეთ რეგიონებიდან ეთნიკური აზერბაიჯანელების გადასახლებასთან.
თუმცა, თუ ყველა ფაქტორს შევაჯერებთ, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანმა ამ სიტუაციით საბოლოოდ უფრო მეტი მოიგო, ვიდრე წააგო. აზერბაიჯანი და რუსეთი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებია და ფასების ზრდას მათთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს.