საქართველოში ჯგუფური გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-გავრცელებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, პატიმრობაში იმყოფებიან 19 წლის ნიკა გზირიშვილი და 18 წლის ნიკა მჭედლიშვილი. სასამართლო პროცესი ლაგოდეხში გაიმართა.
სასამართლოზე განიხილებოდა რაიონის ერთ-ერთ სოფელში 2025 წელს მომხდარი ინციდენტი, რომელიც 29 წლის გლახო გრიგალაშვილის თვითმკვლელობით დასრულდა. პროკურატურის მონაცემებით, ნიკა გზირიშვილმა და ნიკა მჭედლიშვილმა, Facebook-ის ყალბი ანგარიშის გამოყენებით, გლახო გრიგალაშვილისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტო და ვიდეომასალა მოიპოვეს. ამ კადრების გავრცელების მუქარით, ისინი 1000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.
გრიგალაშვილმა თანხის გადახდაზე უარი თქვა. საპასუხოდ, ბრალდებულებმა, დაზარალებულის ღირსებისა და პატივის შელახვის განზრახვით, ფოტოები და ვიდეო Messenger-ის საშუალებით გაავრცელეს, მათ შორის გაუგზავნეს გლახო გრიგალაშვილის ოჯახის წევრებსა და ნაცნობებს.
„მთელმა სოფელმა ნახა, რომ მისი ფოტოები გამოაქვეყნეს და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, განიცდიდა და რცხვენოდა იმის გამო, რომ ფოტოები გაუვრცელეს“, – განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს ანონიმურობის პირობით.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ „დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“. დაღუპულის დამ, ქეთი გრიგალაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ მისმა ძმამ ინტიმური მასალების გავრცელებიდან და შანტაჟიდან ერთ თვეში მოიკლა თავი.
„ფოტოების გავრცელებისთანავე მივმართეთ პოლიციას, ყველაფერი მოვუყევით და მივაწოდეთ ინფორმაცია. გამოძიება კვლავ გრძელდება, ამიტომ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ დამნაშავეები დააკავეს“, – ამბობს იგი.
პროკურატურამ მომხდარი ჯგუფურ დანაშაულად შეაფასა, რაც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ბრალდებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„რადიო თავისუფლებამ“ გაარკვია, რომ დაღუპული და ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც თანასოფლელები იყვნენ.
ნიკა მჭედლიშვილის ადვოკატმა, იოსებ ბოლოთაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, თუმცა არ გამორიცხავს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. დაზუსტებით კითხვებს მან არ უპასუხა.
რაც შეეხება ნიკა გზირიშვილს, „რადიო თავისუფლებამ“, მცდელობის მიუხედავად, მის ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირება ვერ შეძლო.